საზოგადოება
,,ნინის გამო"- ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართება
14 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო, საქართველოს ქალაქებში დაგეგმილ სოლიდარობის აქციას ახალციხეც უერთდება. მომხდარ ტრაგედიას 15 თებერვალს, 13 საათზე, რუსთაველის ძეგლთან ადგილობრივები გააპროტესტებენ. აქციაში მონაწილეობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.

გაუპატიურებული არასრულწლოვნის თვითმკვლელობის გამო, საქართველოში ასდღიანი კამპანია #ნინისგამო დაიწყო. მისი მიზანია საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა სექსუალურ ძალადობასა დაა მხრივ სისტემური რეფორმების გატარების აუცილებლობის ჩვენება.

კამპანიის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ:

1. შეიცვალოს სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი;

2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;

3. ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისათვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა;

4. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

5. დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდი გააუპატიურეს, ორი თვის შემდეგ კი მან თავი მოიკლა. პოლიციამ ბრალდებული მხოლოდ თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა.

| Print |