საზოგადოება
„საერთაშოორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ ახალციხისა და ადიგენის მერიაში ხელმოწერები შეიტანა
საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „საერთაშოორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში მაცოვრებელთა პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით, ადგილობრივ თვითმმართველობებს წერილობით მიმართა. მოსახლეობა ხელმოწერებით 2021 წლის ბიუჯეტიდან ჯამში, 38 საკითხის მოგვარებას ითხოვს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის თამუნა უჩიძის თქმით, ორგანიზაციამ ადიგენის მერიას 7 სოფელში არსებული 11 პრობლემისა და ახალციხის მერიას - 15 დასახლებულ პუნქტში, 27 საკითხის გადაჭრა მოითხოვეს.

ადიგენის მერიამ „საერთაშოორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ უპასუხა, რომ მათ მიერ აღნიშნული პრობლემები ემთხვევა თვითმმართველობის მიერ გამოვლენილ პრობლემებს და მათ მოგვარებას მიმდინარე წელს შეეცდებიან. ახალციხის მერიამ კი წერილზე უპასუხა, რომ ჩამოთვლილი პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია.

„ახალციხის პრობლემებიდან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილო საშიშ გზებზე სხვილისში, ურაველსა და მინაძეში. სხვილისში ცენტრალურ მაგისტრალზე დადიან ბავშვები სკოლამდე მისასვლელად ისე, რომ არ არსებობს ტროტუარი. აქ მძიმეწონიანი მანქანები მოძრაობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმენება. ანალოგიური ვითარებაა მინაძეში. ურაველში კი გზაზე ლოდები ცვივა. ეს პრობლემა თითქოს მოაგვარეს ერთჯერადი გაწმენდით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, - ამბობს თამუნა უჩიძე.

ამ და სხვა საკითხების მოსაგვარებლად, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გასულ წელს ახალციხის მერიაში 150-ზე მეტი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადებები შეიტანა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სამოქალაქო საბჭოებს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები აქტიური მოქალაქეები 2019 წელს შეუერთდნენ. ამავე წელს, მათ 14 დასახლებაში 30-მდე ინფრასტრუქტურული საჭიროება გამოავლინეს. პრობლემური იყო როგორც საბავშვო ბაღებში არსებული ვითარება, სარწყავი წყლის მიწოდების სისტემის, გარე განათების, სოფლის შიდა გზების გაუმართაობა, ასევე ახალციხეში ტროტუარების, ბორდიურების, შუქნიშნების მოუწესრიგებლობა.

| Print |