საზოგადოება
მარტიდან შეგვიძლია დამატებით გახსნაზე ვისაუბროთ - რას გეგმავს მთავრობა
შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, რა იქნება შემდეგი სფერო, რომელსაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით შემსუბუქება შეეხება.

მინისტრის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ დიდი მობილობის მქონე მიმართულებები გაიხსნა, მათ შორის სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი ორი კვირა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს დარჩენილი სფეროების გახსნა.

მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი, რა იქნება შემსუბუქების შემდეგი ეტაპი.

„თებერვალი პრაქტიკულად გვაქვს შემსუბუქების თვე, მივყვებით ჩვენ მიერ დადგენილ კრიტერიუმებს და დაანონსებულ გეგმას. კრიტერიუმი არის ყოველკვირეული დაკვირვება ე.წ. დადებითობის მაჩვენებელზე. ვითარება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ყოველ კვირას გარკვეული შემსუბუქებები ვაკეთოთ. ჩვენ თუკი გვინდა მარტში შევძლოთ, რომ კიდევ დანარჩენი ნაბიჯები გადავდგათ, ყველამ უნდა დავიცვათ აუცილებლად რეგულაციები, პირველ რიგში, პირბადე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი კონტროლისთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნორმალური ეპიდვითარება და, რა თქმა უნდა, სხვა დაწესებული რეგულაციებიც.

შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა. ერთი-ორი კვირა მაინც, უნდა დავაკვირდეთ. ეს არის ეპიდემიოლოგების ძალიან მყარი და არგუმენტირებული პოზიცია. თებერვლის ბოლოს უკვე გვეცოდინება და უკვე მარტიდან, თუ არაფერი არ გაუარესდა, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ დამატებით გახსნებზე“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, ბიზნესის გახსნის პარალელურად ეპიდვითარების კონტროლის მიზნით დაწესდება ახალი შეზღუდვებიც, რომელზეც მთავრობა უკვე მუშაობს. 

„ახალი რეგულაციებიც იქნება, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ პასუხისმგებლობა. ეს არ არის მარტო ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობა, მთავრობის, ეს არის მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობა. მე ძალიან კარგად მესმის, რომ თუნდაც მცირე ბიზნესის გადმოსახედიდან რთულია იმ რეალობის მიღება, რომ წლევანდელი წელი იმის მაგივრად, რომ ყოფილიყო ზრდის წელი, ამის მაგივრად არის პრაქტიკულად კრიზისი და ჩავარდნის წელი. ჩვენ ვეხმარებით, მაგრამ გასაგებია, რომ 100%-ით ვერ ავუნაზღაურებთ იმ დანაკარგს, რაც განიცადა ბიზნესმა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და მათ შორის, ბიზნესაქტივობაში ჩართული მოსახლეობა იაზრებს, რომ სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ამას ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ ყველაფრის თავი და თავი და ყველაფერზე პასუხისმგებელი არის მთავრობა. ჩვენ არ გავურბივართ ამ პასუხისმგებლობას, სწორედ იმიტომ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს. არავის არ მოსწონს და არ სიამოვნებს, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრსა და ეკონომიკის სამინისტროს დახურული ბიზნესები. ჩვენ გვიხარია, რომ გავხსნით, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს სათანადო საფუძველი. ბიზნესს თუკი რამე აზარალებს, ეს არის პანდემია და როდესაც ჩვენ ერთბაშად არ მივუშვით ყველაფერი და ეტაპობრივად მივდივართ, ამითი რესტორანსაც ვიცავთ, ფიტნეს დარბაზ ის თანამშრომელსაც ვიცავთ, შოპინგმოლის თანამშრომელსაც ვიცავთ იმისგან, რომ ეს გამოუხმობადი გადაწყვეტილება იყოს და უკან გადათამაშება არ მოხდეს,“ - განაცხადა მინისტრმა.
| Print |