საზოგადოება
მწვანე ლეკვში 10 000 ლარი შემომთავაზეს - "გრინჩის" შეძენა უცხოელებს სურთ
მწვანე ფერის ლეკვის სანაცვლოდ, ძაღლის პატრონმა 10 000 ლარისა და ავტომობილის შეთავაზება მიიღო. "გრინჩის" მსურველები ძირითადად, უცხოელები არიან. 

ახალციხის სოფელ ივლიტაში მცხოვრებ მესარკიშვილების ოჯახს ლეკვის გასხვისების გადაწყვეტლება ჯერ არ მიუღია. 

„გვიკვირს, ამდენს რომ გვიხდიან, გაყიდვაზე ჯერ თავს ვიკავებთ. არა მგონია გავყიდოთ, ჩვენი მისია შევასრულეთ, გრინჩი მსოფლიომ გაიცნო, მხოლოდ ეს გვინდოდა, ძაღლის საშუალებით გამდიდრებაზე არც კი გვიფიქრია“, - ამბობს ლეკვის მეპატრონე ხატია სააკაშვილი. 

"გრინჩი" მესარკიშვილების ოჯახში, 31 დეკემბერს გაჩნდა. ქართულმა ნაგაზმა, სოფელ ივლიტაში, შვიდი ლეკვი დაყარა, მათ შორის ერთი მწვანე ფერის. 

მოგვიანებით ასეთივე ლეკვი სოფელ წინუბანში გოგოლაძეების ოჯახში დაიბადა სახელად "შრეკი".

იშვიათი შეფერილობა იმის შედეგია, რომ ლეკვი მუცლად ყოფნის პერიოდში მწვანე პიგმენტ ბილივერდინთან კონტაქტში შედის.
| Print |