საზოგადოება
„სამი დღეა ქუჩაში ვართ“ - ტრაილერის მძღოლები გზის გაგრძელების უფლებას ითხოვენ
ახალციხის შემოსასვლელში მესამე დღეა სატვირთო ავტომობილებია გაჩერებული. საბარგო სადგურის დასახლებაში 100-მდე ტრაილერის მძღოლი ნინოწმინდა-ახალქალაქის მიმართულებით გზის გაგრძელების ნებართვას ელის. მათ ტვირთი მეზობელ სახელმწიფოებში მიაქვთ, სამართალდამცველები კი თურქეთისა და სომხეთის საზღვრის მიმართულებით გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. მძღოლები ამბობენ, რომ ზუსტი მიზეზი არ იციან, პოლიცია კი მათ ეუბნება, რომ საზღვრის მიმართულებით გზა მოყინულია.

მძღოლების თქმით, მათ დოკუმენტაციას ვადა გასდის და საზღვარი დროულად უნდა გადაკვეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, საზღვარზე დაჯარიმდნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე, 18 თებერვლიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აქედან გამომდინარე, რატომ არ აძლევენ მოძრაობის უფლებას სატვირთოს მძღოლებს, შსს-ს ვკითხეთ.

უწყებაში ამბობენ, რომ მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციაა. როდის მისცემენ სატვირთოებს გადაადგილების უფლებას, შსს-ში ჯერ არ იციან.
| Print |