საზოგადოება
განისაზღვრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-26 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 5 პრიორიტეტული მიმართულება - თეა ახვლედიანი
საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი რეგიონების ფაქტიური ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტად დარჩება საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოება, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა, ასევე ადამიანებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა.

,,თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მისი ეთნიკური კუთვნილებისა, ქვეყნის სიძლიერის წყაროდ და ფასეულობად განიხილება. ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა განიხილება სამ განზომილებაში: ქვეყნის სტრატეგიული განვითარების, მდგრადი განვითარების მიზნების და საქართველოს ევროპული არჩევანის კონტექსტში. მის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

ის ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს დანერგილი არაერთხელ იყო განხილული საერთაშორისო შეფასებებში, როგორც საუკეთესო და უნიკალური პრაქტიკა. თუმცა, მიღწეულ ხელშესახებ პროგრესთან ერთად არის საკმაოდ ბევრი გამოწვევაც, რომელიც გამოიკვეთა როგორც მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის დროს, ისე დამოუკიდებელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტების და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს შეფასებებში. ეს იყო მიმართული როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის, ინფორმირების, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის და სხვა მიმართულებით. მომავალ საქმიანობაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ამ გამოწვევების დაძლევაზე, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებაზე და ამ მიზნით მექანიზმების დანერგვაზე და ასევე სამოქალაქო ინტერგრაციის პროცესზე დეზინფორმაციის გავლენის შემცირებასა და აღმოფხვრაზე.

გრძელვადიანი, შეუქცევადი პოზიტიური ცვლილებების უზრუნველსაყოფად და შესაბამისი პოლიტიკის განსახორციელებლად განისაზღვრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-26 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 5 პრიორიტეტული მიმართულება:

1. სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად
2. ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა
3. თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა
4. სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია
5. კულტურათაშორისი დიალოგი

სამოქალაქო ინტეგრაცია დინამიური და მრავალგანზომილებიანი პროცესია და მოითხოვს საზოგადოების თითოეული წევრის, როგორც ეთნიკური უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან სრულფასოვან მონაწილეობას, სათანადო მოტივაციასა და ძალისხმევას, ასევე პასუხისმგებლობების გაზიარებას. დასახული მიზნების მიღწევას მთავრობის ძალისხმევასთან ერთად საზოგადოების მხა
რდაჭერა სჭირდება. ასეთ განზომილებაში ვხედავთ დასახული სტრატეგიული მიზნების განხორციელების ეფექტიანობას" - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.
| Print |