საზოგადოება
"ჩვენი გოგოების გამო" - ახალციხეში 1 000 მშობლის მარში გაიმართება
„შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო“ - ამ მოწოდების გარშემო მოქალაქეები ახალციხეშიც ერთიანდებიან. „1 000 მშობლის მარში" 8 მარტს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართება. აქციას შეუერთდება ყველა, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში საჭიროა ქალთა მიმართ ძალადობისა და ჩაგვრის აღმოფხვრა და სისტემური პრობლემების მიმართ ახალი მიდგომების დანერგვა.

აქცია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ერთსა და იმავე დროს იმართება. მისი ორგანიზატორი ქალთა მოძრაობაა.

1 000 მშობლის მარში მას შემდეგ დაიგეგმა, როცა ცნობილი გახდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგო გააუპატიურეს, არაეფექტური გამოძიების გამო კი მოზარდმა თავი მოიკლა.

კამპანიის მოთხოვნებია:
  • შეცვალეთ სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
  • შექმენით პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
  • გახადეთ სქესბრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
  • გაზარდეთ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
  • დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.
| Print |