საზოგადოება
„ჯავახეთი სომხებთან ერთად“ - ნინოწმინდაში საქველმოქმედო ფონდის ფილიალი გაიხსნა
დღეს, 23 თებერვალს, ნინოწმინდაში, საქველმოქმედო ფონდის ფილიალი გაიხსნა. „ჯავახეთი სომხებთან ერთად არის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კარენ პაპიკიანი ამბობს, რომ ოფისის გახსნის მიზანი, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების დახმარებაა.
ნინოწმინდაში, ფონდის ფილიალის საზეიმო გახსნას ადგილობრივი მოსახლეობა და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

„ფონდი ყარაბაღის ომის დაწყებიდან მეორე დღესვე, ახალქალაქში შევქმენით. დავიწყეთ ფულის და საკვების შეგროვება და ომის მონაწილეებს გავუგზავნეთ კიდეც. ფონდის მიზანია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონმა თანადგომა გაუწიოს ჯავახეთის, ყარაბაღის და სომხეთის მოქალაქეებს“, - ამბობს „მეცხრე არხთან“ ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი. კარენ პაპიკიანი ამბობს, რომ ოფისის გახსნა ახალციხეშიც იგეგმება.

სომხეთში დაარსებულმა ფონდმა ფილიალი უკვე გახსნა ახალქალაქში. კარენ პაპიკიანი ამბობს, რომ ფონდს შემომწირველები რუსეთიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, ამერიკიდან და მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნიდან ჰყავს.

კარენ პაპიკიანი ადგილობრივი ბიზნესმენია. მას ახალქალაქში საცხობი აქვს. ფონდის პრეზიდენტი საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრებით არ გამოირჩეოდა. 1984 წელს, ახალქალაქის სოფელ კუმურდოში დაიბადა. მერვე კლასიდან სწავლა სომხეთში, ჰოვჰანნეს თუმანიანის სახელობის სკოლაში გააგრძელა, რომლის დასრულების შემდეგაც ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული უმაღლეს უნივერსიტეტში ჩააბარა.

| Print |