საზოგადოება
ახალციხეში მუშაობა ყველა მარშრუტმა არ განაახლა
დღეს, 25 თებერვალს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, თუმცა ახალციხეში მუშაობა ყველა მძღოლს არ განუახლებია.
მგზავრების სიმცირისა და საწვავის მომატებული ფასის გამო, ზოგიერთი მიმართულებით მარშუტები გაუქმდა. ამის ერთ-რთი მიზეზი კომენდანტის საათიც არის, რადგან საღამოს ჩანიშნულ რეისებს მძღოლები ვერ შეასრულებენ.

„ხუთი სათის მერე გრძელ გზაზე ვერც მძღოლი წავა და ვერც მგზავრი. შვიდსაათიან რეისს გორში მოუსწრებს კომენდანტის საათი. მარტო თბილისში ჩასვლა ხომ არაა, ხალხს სახლში მისვლაც ხომ უნდა? ამიტომ საღამოს რეისები გაუქმდა“, - ამბობს შპს „ჯეოტივის“ დირექტორი ნუგზარ მამუკაშვილი.

მძღოლები ამბობენ, რომ მგზავრობის ფასი უნდა გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძველი ტარიფებით მუშაობა საწვავის ხარჯს არ ეყოფა. მათი თქმით, სამ თვეში ერთი ლიტრი საწვავი დაახლოებით, 70 თეთრით გაძვირდა. შპს „ჯეოტივის“ დირექტორის თქმით, მუშაობის პირველ დღეს, მარშრუტებსა და მგზავრობის ფასზე ჯერ არ უმსჯელიათ.

შეგახსენებთ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოში 28 ნოემბერს აიკრძალა. შედეგად, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე, მხოლოდ ახალციხეში, 50-მდე მძღოლი დარჩა.


| Print |