საზოგადოება
ბებიები მშობლის ტვირთით
დაკეტილი სკოლებისა და ბაღების გამო, მშობლები კიდევ ერთი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ - ვისი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდენ ბავშვები მაშინ, როცა ისინი მუშაობდნენ. ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებლობა ბებიებმა იტვირთეს.

სანდროს ვაშლებით თამაში უყვარს. მულტფილმების ყურება და ორცხობილებით უცნაური კონსტრუქციების აწყობა. ორწლინახევრის ბიჭის ინტერესები ყველაზე კარგად დიდმა ბებიამ იცის. გალინა მაღრაძე 70 წლისაა. ორი შვილიშვილის შემდეგ, შვილთაშვილებს ზრდის.

კორონავირუსმა ოჯახის გეგმები თავდაყირა დააყენა. სანდრო გასული წლის სექტემბერში ბაღში მიიყვანეს, გალინა ბებო კი ყველაზე უმცროსი შვილთაშვილის, ახალშობილი მაქსიმეს გაზრდას აპირებდა. საბავშვო ბაღის დახურვის შემდეგ, სანდროს მოვლა კვლავ დიდ ბებიას მოუწია.

„დილით 10-ზე მოჰყავთ, მთელი დღე ჩემთანაა. ვჭამთ, ვთამაშობთ, აუცილებლად ვსეირნობთ, ვმეცადინეობთ. საღამოს, სამსახურის შემდეგ დედ-მამა მოდის და სახლში მიჰყავთ, ვრჩები მარტო. ძალიან მენატრება, როცა არ მოჰყავთ“.

სანდროს მისვლამდე გალინამ სადილის მომზადება, სახლის დალაგება და დარეცხვა უნდა მოასწროს.

„როცა სანდრო მოდის, ერთი წუთით ვერ ვტოვებ. ძალიან ცელქია, პირდაპირ გზისკენ გარბის“.

7 თვის იყო სანდრო, როცა მისი დედა სოფო სამსახურს დაუბრუნდა და ჩვილი ბებიასთან დატოვა. იღლება, მაგრამ ამბობს, რომ ეს საქმე უყვარს. გალინა მაღრაძეს ბავშვებთან ურთიერთობა მოსწონს, ამიტომაც იყო, რომ სანამ შვილთაშვილები ეყოლებოდა, ძიძად მუშაობდა.

„16 ბავშვი გავზარდე, ზოგი ერთი თვიდან მყავდა. ზოგ ოჯახში ორი ბავშვი გავზარდე, ახლა ჩემებს ვზრდი. ოთხ-ხუთ თვეში სამსახურში მიდიოდნენ დედები და მე ვრჩებოდი ბავშვებთან, ისინიც კმაყოფილი იყვნენ და მეც“.

გალინა მაღრაძის სახლში დაახლოებით, ერთი საათი დავყავით. ამ პერიოდში, სანდრომ ირბინა, ნივთები აურია, ითამაშა, წყალი დაღვარა, გაზეთის ფურცლები მიმოფანტა, ფანქრებით დახატა, ორცხობილები სავარძელზე დაყარა, „ეს რა არის?“ - მისთვის ყველა უცნობ საგანზე ეკითხება დიდ ბებიას. ისიც მშვიდად პასუხობს. ვეუბნები, რომ ბევრ ქვეყანაში ბებიებს შვილიშვილების აღზრდაში ამხელა როლი არ აქვთ. უკვირს:

„შვილს თუ არა, აბა ვის უნდა დავეხმაროთ? ახალგაზრდები მუშაობთ, რა ვქნათ, აბა? მე ბავშვები ძალიან მიყვარს, ვერთობი ამათთან“.

თუ კორონავირუსი გეგმებს ისევ არ აურევს, ოჯახი აპირებს, რომ სანდრო ბაღში დააბრუნოს. 70 წლის გალინა კი მეორე შვილთაშვილს ჩაიბარებს. სოფო სამსახურში წავა და ხუთი თვის მაქსიმე დიდ ბებიასთან დარჩება.

„თუ ბაღი ისევ დაიკეტა და სანდრო სახლში დარჩა, ორივეს მივხედავ, აბა რა ვქნა. მთავარია სანდრომ დამიჯეროს. მეორე შვილიშვილს, სოფოს დას ვეუბნები, დროზე გათხოვდი, სანამ შემიძლია, მივხედო შენს შვილსაც-მეთქი“.

ახალციხეში, ამავე უბანში ცხოვრობს ჯულიეტა ინასარიძეც, ოთხი შვილიშვილის ბებია. ორი სკოლის მოსწავლეა, ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, ყველაზე პატარა კი, მხოლოდ რვა თვისაა. კორონაპანდემიის გამო, ახლა ბებია და შვილიშვილები ერთად უფრო მეტ დროს ატარებენ.

„შვილიშვილებს ხშირად ვუკითხავ კლასგარეშე ლიტერატურას, ვუყვები ჩემს ბავშვობაში გაგონილ ამბებს. ხშირად ვართობ ისეთი თამაშებით, სადაც გამარჯვებული გამოვლინდება“.

პანდემიამდე ინასარიძეების ოჯახში დრო სხვანაირად ნაწილდებოდა. იმ დღეებში, როდესაც მშობლები მუშაობდნენ, პატარებს ბებია უვლიდა.
„პანდემიამდე, როდესაც მათი მშობლები სამსახურში იყვნენ, დილიდანვე ვინაწილებდი საქმეებს. ბავშვებს ტანისსამოსს ვუმზადებდი, ვასაუზმებდი და სკოლასა და საბავშვო ბაღში ვუშვებდი“.

ვიდრე ინასარიძეების ყოველდღიურობაში კორონავირუსის პანდემია ცვლილებებს შეიტანდა, ჯულიეტა ბებია ბავშვების სკოლაში და ბაღში გაშვებისთანავე, დროს საშინაო საქმეებისთვის იტოვებდა. შვილიშვილების დაბრუნების შემდეგ, თავისუფალ დროს სეირნობას უთმობდა. ბავშვები სტადიონზე ან ბუნებაში მიჰყავდა.

„პენსიონერი ვარ, შესაბამისად რისკ-ჯგუფში ვითვლები. ადრე ხშირად დავდიოდი მეზობლებში და ნათესავებში. ახლა კი ნათესავებს მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტები, მეზობლებს აივნიდან“, - ამბობს ჯულიეტა ინასარიძე.

როცა საქმე შვილიშვილების აღზრდას ეხება, ბებია-ბაბუები საკუთარ სურვილებსა და ინტერესებს მეორე ადგილზე წევენ. ბავშვები პატარა მეცნიერები არიან, რომლებისთვისაც სამყაროს აღქმის პროცესი ყველაზე საინტერესოა და ამ პროცესში მეგზურობას ბებიები უწევენ.
| Print |