საზოგადოება
მოეხსნებათ თუ არა გერმანიაში სამუშაოდ წასულ მოქალაქეებს სოციალური დახმარება - სააგენტოს განმარტება
საქართველოდან გერმანიაში დროებით სამუშაოდ წასვლის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ბოლო კვირის განმავლობაში, სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 94 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ის ადამიანები, ვინც ამ პროგრამის ფარგლებში გერმანიაში ყოფნის 3-თვიან ვადას დაარღვევს, ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრება, იმათ კი, ვინც საქართველოში სოციალურ დახმარებას იღებს, დეპორტაციასთან ერთად დახმარებაც შეუწყდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ 3 თვეზე მეტი ვადით საზღვრის კვეთის შემთხვევაში, ადამიანი კარგავს სოციალურ დახმარებას, მისი ოჯახის წევრები კი განაგრძობენ მიღებას გადამოწმებამდე. სააგენტოში ამბობენ იმასაც, რომ პანდემიიდან გამომდინარე სარეიტინგო ქულის გადამოწმებაზე მორატორიუმია გამოცხადებული. მორატორიუმის ამოწურვის შემდეგ კი საზღვრის კვეთა გამოიწვევს ოჯახის გადამოწმებას. ვადების დაცვით წასული და დაბრუნებული მოქალაქეების სოციალური სტატუსი კი უცვლელი დარჩება.

"მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ოჯახის წევრის 3 თვეზე მეტი ვადით საქართველოს საზღვრის კვეთის შემთხვევაში, ოჯახმა დემოგრაფიული ცვლილების საფუძვლით უნდა აცნობოს სააგენტოს, რის საფუძველზეც, 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მოხდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული და ხელმოწერით დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე შეივსება „ოჯახის დეკლარაცია“, - განაცხადეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.

ცნობისთვის, გერმანიაში დროებით სამუშაოებზე სააპლიკაციო ფორმის შევსება 15 თებერვალს დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
| Print |