საზოგადოება
მსოფლიო ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
რვა მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) 1975 წელს აღიარა. 

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 2021 წელს ქალთა საერთაშორისო დღის მთავარ თემად „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID19-ის სამყაროში“ შეარჩია. ორგანიზაციის განმარტებით, იგი წარმოაჩენს ქალებისა და გოგოების გლობალურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია თანასწორი მომავლის უზრუნველყოფისა და პანდემიის შემდგომი აღდგენითი პროცესებისკენ.

ქალები COVID19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, როგორც ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, მზრუნველები, ინოვატორები, თემების ორგანიზატორები და ის სამაგალითო და ეფექტიანი ნაციონალური ლიდერები, რომლებიც პანდემიის დასამარცხებლად იბრძვიან. კრიზისმა ამ ქალების წვლილი და არაპროპორციული სირთულეები წარმოაჩინა.

თუმცა, ქალები სახელმწიფოებისა და მთავრობების სათავეში მსოფლიოს მხოლოდ 20 ქვეყანაში დგანან.

იმ არსებულ სოციალურ და სისტემურ ბარიერებს, რომლებიც ქალებს ლიდერობაში უშლის ხელს, პანდემიამ ახალი წინააღმდეგობები დაუმატა. მთელ მსოფლიოში ქალები ოჯახში ძალადობის გაზრდილ მაჩვენებელს, აუნაზღაურებელი ზრუნვის ტვირთს, უმუშევრობასა და სიღარიბეს აწყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქალები დასაქმებულთა დიდ ნაწილს წარმოადგენენ, ისინი არაპროპორციული რაოდენობით არიან COVID-19-ის პოლიტიკის ეროვნულ და გლობალურ სივრცეებში.

ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა ლიდერობის პოტენციალის სრული რეალიზებისთვის, პანდემიაზე რეაგირებისა და მზადყოფნის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ქალებისა და გოგოების ინტერესების გათვალისწინება შესაბამისი პროგრამებისა და პოლიტიკების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში - ყველა სფეროში და ყველა ეტაპზე.

ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, 8 მარტს შეუერთდნენ​ მთელი მსოფლიოს აქტივისტებს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რათა ერთად იზეიმონ, იმოქმედონ და შეცვალონ ქალების ცხოვრება მთელ დედამიწაზე", - წერია გაეროს ქალთა ორგანიზაციის განცხადებაში. 
| Print |