საზოგადოება
დღესასწაული თუ ყოველდღიურობა - რვა მარტი ქალებისთვის
რვა მარტი ზოგი ქალისთვის დღესასწაულია, ზოგისთვის ბრძოლის სიმბოლო, ზოგისთვის კი საქმეებით დატვირთული გაზაფხულის ჩვეულებრივი დღე. თარიღს მსოფლიო 46 წელია აღნიშნავს. მისი მიზანი ქალების გაძლიერება და მათი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნაა.

იებისა და ყოჩივარდების პატარა თაიგულები ახალციხის ქუჩებში დღეს დილიდან გამოჩნდა. 13 წლის ხატია ხითარიშვილი დედასთან ერთად, ვალედან ჩამოვიდა. როგორი იქნება დედა-შვილისთვის ქალთა საერთაშორისო დღე, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ყვავილს გაყიდიან საღამომდე. გასულ წლებთან შედარებით მყიდველი ნაკლებია.

„დღეს ცუდი ამინდია, წვიმს, ამიტომ ცოტა ხალხი მოძრაობს ქუჩაში და მყიდველიც არ არის. ბევრი ლამაზი და ფერადი ყვავილი გვაქვს. ძირითადად, ახალაგზარდები მოდიან და ყიდულობენ“.
თაკო მაისურაძე ერთ-ერთია, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს, ყოველ წელს მეუღლესთან ერთად აღნიშნავს. რვა მარტი ყვავილების თაიგულით იწყება და სადღესასწაულო ვახშმობით მთავრდება.

„ყოველთვის მივდივართ ქალაქგარეთ ან რესტორანში და ვვახშმობთ. განსაკუთრებულად მიყვარს ეს დღე, რადგან  ყურადღების ცენტრში ვარ. ცდილობს ჩემი მეუღლე ეს დღე კარგად გავატარო. რვა მარტს და სამ მარტს ყოველთვის განსაკუთრებულად ვხვდები, რადგან ჩემი მეგობრები და ქმარი ყოველთვის მაბედნიერებენ ამ დღეს”.

ქალთა საერთაშორისო დღე ბევრ ყვავილთან და ბავშვების ხელნაკეთ საჩუქრებთან ასოცირდება 38 წლის ბარბარე გალიბინისთვის. რვა შვილის დედა რვა მარტს ყოველთვის ოჯახთან ერთად ატარებს.
„მიყვარს რვა მარტი, ჩემი პატარები სულ ნახატებს მჩუქნიან, სიურპრიზს მიკეთებენ, ჩემთვის ეს ყველაფერი დიდი ბედნერებაა. ვფიქრობ, რომ ქალთა დღე ძალიან სასიამოვნო დღეა გოგოებისთვის“.
,,ჩემთვის არაკომფორტულია რვა მარტი, რადგან როგორც ყოველთვის, ვმუშაობ და გამოძახებაზე მივდივარ"- ამბობს ახალციხეში სასწრაფო დახმარების ექთანი. რუზემა ჯეირანაშვილისთვის რვა მარტი ერთი ჩვეულებრივი, სამუშაო დღეა.

„24 საათიან რეჟიმში ვარ, სულ ვმუშაობ, სამსახურში  რომ მოვდივარ ყვავილებს გვჩუქნიან თანამშრომლები, ეს ყველაფერი რამდენიმე წუთი გრძელდება და შემდეგ სულ გამოძახებაზე ვარ. რომ ვთქვა მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია-მეთქი, არ იქნება სიმართლე, არაკომფორტულია,  რადგან ვერ ვატარებ დროს  მეგობრებთან და ოჯახთან ერთად“.

სანამ სარვამარტო საჩუქარს მიიღებს, 70 წლის მაყვალა გულიაშვილი ფერად-ფერად ყვავილებს სხვისთვის ქსოვს. ოთხი შვილის დედა ხელნაკეთი ნივთების შესაქმნელად პოლიეთილენის პარკებს იყენებს.

„სანამ 3 და 8 მარტი მოვიდეს, ყვავილების  გაკეთებას ვიწყებ. ძალან ბევრს ვაკეთებ, შემდეგ ახალციხის ცენტრალურ პარკში ვყიდი. ბევრს მოსწონს ჩემი გაკეთებული ყვავილები, ლამაზებია და ფერადები. ჩემი შემოსავლის წყარო მარტის თვეში ჩემი ყვავილებია. ეს ის საქმეა, რისი გაკეთებაც სიამოვნებას მანიჭებს“.
რვა მარტს დილით ადრე, 6 საათზე დგება. სანამ ოჯახის წევრები გაიღვიძებენ, საქონელს უნდა მოუაროს, ქათმებსა და ღორებს აჭამოს, ყველი ამოიყვანოს. 61 წლის ციცო გოზალიშვილი ადიგენის სოფელ უდეში ცხოვრობს და მისთვის რვა მარტი ისეთივე ჩვეულებრივი დღეა, როგორც გაზაფხულის დანარჩენი დღეები.

„სახლში იმდენი საქმე მაქვს, ვის სცალია აღნიშვნისთვის? სოფელში ცხოვრება რთულია, ბევრი საქმეა, რაც დილიდან საღამომდე უნდა მოვასწრო. საქონელი, სახლის საქმეები, საჭმელი, ბოსტანი, ამ ყველაფერს იმდენი დრო უნდა, როგორ ღამდება ვერც კი ვხვდები. ჩემი შვილები მოდიან და მოაქვთ ყვავილები, ეს დღე მხოლოდ იმიტომ მიყვარს, რომ შვილიშვილები მოდიან ჩვენთან და ამით ძალიან ბედნიერი ვარ“.
რვა მარტი გაცილებით მეტია, ვიდრე ყვავილები და საჩუქრები. სინამდვილეში ქალებს დამოუკიდებლობა, მშვიდობა, უსაფრთხოება, თანასწორობა, სამართლიანობა და დაფასება სჭირდებათ. ქალთა საერთაშორის დღეც 46 წლის წინ, სწორედ ამ მიზნით დაარსდა.
თარიღს განცხადებით ეხმაურება სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია ყურადღებას ამახვილებს იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოში კვლავ რჩება.

„ქალებს და გოგოებს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, სოფლად მცხოვრებ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ტრანსგენდერ, ბისექსუალ, ლესბოსელ ქალებს თანასწორუფლებიანობის მისაღწევად, კვლავ ყოველდღიური ბრძოლა უწევთ.


საგანგაშოა გოგოების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები, რაზეც ბოლო დროს გახმაურებული ფაქტები მეტყველებს. ამ მიმართულებით, წლებია, სახალხო დამცველი მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ უმოქმედობაზე, არაეფექტიან და არაკოორდინირებულ რეაგირებაზე, კვალიფიკაციის ნაკლებობასა და სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობაზე".

ომბუდსმენის განცხადებით, შემთხვევების უმეტესობაზე რეაგირება და შესაბამისი უწყებების ჩართვა დაგვიანებულია. სახალხო დამცველი წერს, რომ პ
რიორიტეტს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა და პრევენცია. Covid-19 პანდემიის პირობებში კი განსაკუთრებით გაიზარდა ოჯახში ძალადობის რისკები და შემცირდა შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა.

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების - ფემიციდის სტატისტიკა კვლავ საგანგაშოა და წლიდან წლამდე არ იკლებს. 2020 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 15 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 9 შემთხვევაში კი - სხვა მოტივი. დაფიქსირდა 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 17 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.

„აღნიშნული ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფოს მიერ ფემიციდის პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია და საჭიროებს უფრო კომპლექსურ ჩარევას. ასევე, პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ქორწინების როგორც პრევენცია, ისე კონკრეტული შემთხვევების ეფექტურად მართვა“.

საქართველოში შვიდიდან ერთ ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია - წერია ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ეროვნულ კვლევაში, რომელიც 2017 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქსტატთან პარტნიორობით, ევროკავშირის დაფინანსებით ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით,  ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია… ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც: ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება.გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |