საზოგადოება
„1 000 მშობლის მარში“ - ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართა
„პროტესტის 100 დღის“ ფარგლებში გამართულ აქციას, ახალციხეც შეუერთდა. „შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო“ – ამ სლოგანით 25-მდე მოქალაქე შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბა. სოლიდარობ ის აქციაზე მივიდა ყველა, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში საჭიროა ქალთა მიმართ ძალადობისა და ჩაგვრის აღმოფხვრა და სისტემური პრობლემების მიმართ ახალი მიდგომების დანერგვა.

„1 000 მშობლის მარში“ მას შემდეგ დაიგეგმა, როცა ცნობილი გახდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგო გააუპატიურეს, არაეფექტური გამოძიების გამო კი მოზარდმა თავი მოიკლა.

კამპანიას ხუთი მთავარი მოთხოვნა აქვს:

• შეცვალეთ სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
• შექმენით პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
• გახადეთ სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
• გაზარდეთ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
• დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.

აქცია თბილისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, მარნეულში, ქობულეთში, ქუთაისში, რუსთავსა და ხარაგაულში ერთსა და იმავე დროს გაიმართა. მისი ორგანიზატორი ქალთა მოძრაობაა.
| Print |