თუ ვინმე დედას შემაგინებს, აუცილებლად მოვთხოვ პასუხს - ბერა სატელეფონო ჩანაწერებზე
ბერა ივანიშვილის განცხადებით, თუ მას ვინმე "დედას შეაგინებს" და მის ოჯახს შეეხება, იგი დღესაც ამ ადამიანს "პასუხს მოსთხოვს". ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.
"მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, იყო ავთენტური, არ იყო, დაამონტაჟეს თუ არა. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ამ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამაზე სხვანაირად ფიქრობს. ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი კაცი მაჩვენეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის", - თქვა მან.
"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
ჩანაწერებს ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერი გამოეხმაურა. მაგალითად, პარტიის აღმასრულებელმა მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ჩანაწერები 2010 წლისაა და "ფაბრიკაციაა". მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "2011 წელს არის გაკეთებული ჩაწერები, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული". კომენტარი არ გაუკეთებია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს.
ჩანაწერების გავრცელების შემდეგ რამდენიმე მუსიკოსმა და მოქალაქემ განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილზე არასასურველი კომენტარისა და განცხადებების გამო, მათ ემუქრებოდნენ.