საზოგადოება
უცხო მიწაზე დასაქმების მოლოდინში
12 მარტის მდგომარეობით, გერმანიაში სამთვიანი დასაქმებისთვის რეგისტრაცია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა 3 791-მა მოქალაქემ გაიარა. მათი დიდი ნაწილი მთელი ცხოვრება მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას მისდევს. საზღვარგარეთ დასაქმებისთვის კი საკუთარი ნათესების და პირუტყვის დატოვება უწევთ. მათ ეს პოსტპანდემიურ პერიოდში შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად მიაჩნიათ.

ირაკლი ბალახაშვილი სოფლის მეურნეობაში შეძენილი ცოდნის გამოყენებას გერმანიაში აპირებს. ფერმერი ადიგენის სოფელ კახარეთში მშობლებთან, ცოლთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. იმ შემთხვევაში, თუ გერმანელი დამსაქმებელი მის კანდიდატურას შეარჩევს, 4 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ოჯახს ჩააბარებს და სამი თვის განმავლობაში, მისნაირ ფერმერს, მოსავლის აღებაში დაეხმარება.

„ვფიქრობ, გერმანიიდან 10-12 ათას ლარს ჩამოვიტან, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რისი გაწირვაც მიწევს. ყველაფერს უნდა მოვწყდე, ოჯახს და სამშობლოს. საშინელებაა, გლეხი თავის მიწას დაუმუშავებელს ტოვებს და სხვაგან მიდის მიწაზე სამუშაოდ. ჩამოტანილი ფულით ისევ ის ელემენტარული პროდუქტები უნდა ვიყიდო, რომელიც აქ, მიწაზე მუშაობით მომყავდა“.

ბალახაშვილების საოჯახო მეურნეობაში ყველა წევრია ჩართული. შედეგიც არ აყოვნებს - შემოდგომით ტონობით კარტოფილსა და ხახვს იღებენ. მთავარი პრობლემაც აქ იწყება - ბოსტნეულის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ფერმერი ამბობს, რომ მოსახლეობას, განსაკუთრებით, კორონავირუსის პანდემიის დროს გაუჭირდა.

„ხალხს იმდენი შემოსავალი არ აქვს, რომ კილოობით შეიძინოს პროდუქტი, ისე უჭირთ, კარტოფილს და ხახვს ცალობით ყიდულობენ“.

ირაკლი ბალახაშვილი თვეში ორჯერ, სამარშრუტო ტაქსის მისივე მოყვანილი კარტოფილით, ხახვითა და ლობიოთი ტვირთავს და გასაყიდად დასავლეთ საქართველოში მიაქვს. იმერეთში იქამდე რჩება, სანამ ბოსტნეულს არ ამოყიდის. ფერმერმა დათვალა, რომ ქუთაისში ორი ვიზიტის შემდეგ, თვეში 400-500 ლარი რჩება. ეს კი იმ თანხაზე გაცილებით ნაკლებია, რასაც ბოსტნეულის მოსაყვანად ხარჯავს.
ირაკლი ბალახაშვილის მოსავალი

„ყველა გლეხი მოიყვანს 10 000 ლარის მოსავალს თავის მიწაზე, თუ პირობები შესაფერისი იქნება. ამ შემთხვევაში გლეხი საკუთარ ოჯახში, საკუთარ ქვეყანაში მაინც იქნება. აქამდე თურქეთში დავდიოდი სეზონურ სამუშაოზე, ჩაის საკრეფად. რთული იყო, ტელეფონის გამოყენების უფლება არ გვქონდა, ხელფასი დაბალი იყო. გაზაფხულზე კორონავირუსიც დაემატა და ვეღარ წავედი“.

ირაკლი ბალახაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ ტექნიკის, აგრეგატების, სარწყავი სისტემისა და სასაწყობე მეურნეობის პრობლემების გადაჭრაში ფერმერებს სახელმწიფო დაეხმარება, ადგილობრივები მიწაზე სამუშაოდ საზღვარგარეთ აღარ წავლენ და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებენ.

გერმანიაში მუშაობის მსურველთა შორისაა ირაკლის მეზობელ სოფელ ლელოვანში მცხოვრები კახაბერ ბუიძე. 47 წლის კაცს ოჯახის დატოვება და სამშობლოდან სამი თვით წასვლა ბანკში აღებულმა რამდენიმე სესხმა გადააწყვეტინა. ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში ყველა გზა სცადა, თუმცა უშედეგოდ. მიწის ნაკვეთების დამუშავება ტექნიკის სიმცირის გამო უჭირს. პრობლემაა ნათესების დროული მორწყვა, მოსავლის შენახვა და რეალიზაცია.

არც მესაქონლეობის საქმე აეწყო. სოფელში საძოვრების სიმცირის გამო, მხოლოდ რამდენიმე სული პირუტყვის შენახვას ახერხებს.

„ამ დროისთვის ხუთსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი დედაჩემის პენსია და ჩემი ცოლის გამოგზავნილი თანხაა, რომელიც წელიწადზე მეტია ემიგრანტია. ცდილობს იტალიიდან როგორმე დაგვეხმაროს“.


გერმანიაში გამომუშავებული თანხით კახაბერ ბუიძე სესხების გადაფარვას და მიწის დასამუშავებლად საჭირო ტექნიკის ყიდვას აპირებს. იმედოვნებს, რომ სანამ გერმანიაში იქნება, ნათესებს მისი მშობლები და მცირეწლოვანი შვილები მოუვლიან.


სააპლიკაციო ფორმა შეავსო ასპინძის სოფელ აწყვიტაში მცხოვრებმა ზაზა ივანიძემაც. ფერმერი პასუხს ელის. იმედოვნებს, რომ გერმანელ დამსაქმებელს მისი რეზიუმე მოეწონება, რადგან სოფლის მეურნეობაში საკმარისი გამოცდილება დააგროვა.

„საქართველოში კაცის შრომას ფასი არ აქვს. რაც არ უნდა გააკეთო, სოფლის პირობებში დაუღალავად რომ იმუშაო, ვერაფერს მიაღწევ, ჩვენი მოყვანილი პროდუქტი კაპიკებში იყიდება“.
ზაზა ივანიძე საკუთარ მიწის ნაკვეთში

ფერმერი პანდემიამდე რესტორან „ვარძიაში“ მუშაობდა და პარალელურად, სოფლის მეურნეობას მისდევდა. ერთი წელია, რეგულაციების გამო, რესტორანი დაიკეტა და უმუშევრად დარჩენილმა ზაზა ივანიძემ ოჯახის რჩენა მხოლოდ მოსავლის რეალიზაციით ვეღარ შეძლო. საქართველოში ოთხი და ორი წლის შვილებს ცოლთან ტოვებს. ფიქრობს, რომ გერმანიაში მუშაობა არ გაუჭირდება.

„შარშან უსამსახუროდ დავრჩი, წელსაც არ ვიცი რა იქნება, ჩემი სამსახური სეზონურია. სოფლის მეურნეობაში ყველაფრის კეთება შემიძლია. პროგრამის შესახებ ინფორმაცია რომ წავიკითხე, ანაზღაურება და პირობები მომეწონა, ამიტომ დავრეგისტრირდი“.

რეგისტრაცია გაიარა, თუმცა გერმანიაში წასვლა გადაიფიქრა ახალციხელმა ანეტა მასკალსკიმ. პირობების დეტალურად გაცნობის შემდეგ, პროგრამა ისეთი ხელსაყრელი აღარ ეჩვენება, როგორც თავიდან. ფიქრობს, რომ 100 000-მდე მოქალაქის დაინტერესება ნაკლებინფორმირებულობამ გამოიწვია.

შეთანხმების მიხედვით, მგზავრობის, ბინის ქირის და კვების ხარჯებს დასაქმებული ფარავს. ერთ საათში მინიმალური ხელფასია 9.5 ევრო, აქედან 5% საშემოსავლო გადასახადებზე ნაწილდება.

„როდესაც პირობებს გავეცანი მივხვდი, რომ არასანდო პროგრამაა. ბინის და კვების თანხას ჩვენ ვიხდით, გავიგე გერმანიაში გამომუშავებული თანხა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩაგვერიცხება, ამიტომ ვვარაუდობ, რომ არც ისე კარგი პროგრამაა. ვფიქრობ, ვინც წავა, გამომუშავებული თანხა ბინის ქირასა და საკვებში დაეხარჯება“.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. ეს არის სეზონური, მაქსიმუმ, სამთვიანი სამუშაო სოფლის მეურნეობაში, რომელიც 1 აპრილიდან იწყება.

დასაქმების მსურველი არ უნდა იყოს დეპორტირებული და არ უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დარღვევა. სასურველია, ჰქონდეს სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, საჭიროა, უცხო ენის საბაზისო ცოდნაც. დამსაქმებლები თანახმა არიან დასაქმებულთა ჯგუფში იყოს ენის მცოდნე ერთი პირი, რომელიც მათ კომუნიკაციაში დაეხმარება.
| Print |