საზოგადოება
კომისიამ გიორგი ბრწყინვალეს და სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ძეგლის ესკიზი შეარჩია
ქალაქ ახალციხეში, გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის ესკიზისა და „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად გამოცხადებული კონკურსების შედეგები ცნობილია. 
საკონკურსო კომისიამ ფარული კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულები გამოავლინა.

კონკურსზე პირველი ადგილი კახა არუნაშვილმა დაიკავა, მეორე ადგილი გიორგი ჭანკოტაძემ, ხოლო მესამე ადგილი ვლადიმერ გორგაძეს ერგო.

რაც შეეხება სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის კონკურსს, მასში პირველი ადგილის მფლობელი ზეზვა ქურდიანი გახდა, მეორე ადგილზე ირაკლი გოჩიტაშვილია, ხოლო მესამე ადგილი ივანე ცისკაძემ დაიკავა.

გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლი თამარაშვილის ქუჩის დასაწყისში, წრიულზე დაიდგმება, ხოლო გმირთა მემორიალი ახალციხის ცენტრალურ პარკში. 

კონკურსები თბილისის სკულპტორთა და არქიტექტორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის ესკიზის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 13 ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი, ხოლო „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ შესარჩევ კონკურსში - 9.

გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დადგმაზე პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში 12 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას ისაუბრა. გიორგი გახარიამ მაშინ აღნიშნა, რომ ქალაქში მეფის ძეგლი დაიდგმებოდა და ერთ-ერთ ქუჩას ბექა ჯაყელის სახელი დაერქმეოდა.


| Print |