საზოგადოება
აუდიტის სამსახურმა ნინოწმინდის მერიაში დარღვევები აღმოაჩინა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დასკვნაში წერია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და ამასთანავე, დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი. აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 25% და 15% დააკლდა.

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. ზოგ შემთხვევაში, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

გამოუყენებელი ინფრასტრუქტურა - მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც უფუნქციოა და არ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 1,201.5 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული.

მიუღებელი შემოსავლები - მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები, შემოსავლების ადმინისტრირების კუთხით, სუსტია:

მუნიციპალიტეტმა იჯარით გაცემული ქონებიდან დროულად ვერ მიიღო 14.8 ათასი ლარის შემოსავალი;

2018-2019 წლებში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაუხდელმა დასუფთავების მოსაკრებელმა 51.5 ათასი ლარი შეადგინა.
ქონების მართვა და განკარგვა

არაუფლებამოსილი პირების მიერ ქონებით სარგებლობა - მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს მის საკუთრებაში არსებული ქონების დაცვასა და რაციონალურ გამოყენებას. შედეგად, ქონების ნაწილი, დაკავებულია არაუფლებამოსილი პირების მიერ.

ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.

მიწოდების ვადების დაუსაბუთებელი ზრდა - მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა სამუშაოების მიწოდების ვადა და მიმწოდებლებზე არ გაავრცელა საჯარიმო სანქციები. მიმწოდებლები ასევე არ დაჯარიმდნენ სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო.

ნინოწმინდის მერიაში გვითხრეს, რომ დღეს კომენტარს ვერ გააკეთებენ და სამუშაო დღეებში დავუკავშირდეთ.

| Print |