საზოგადოება
უმუშევრად დარჩენილი ახალგაზრდები სოფელ არაგვაში
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი არაგვა, ზღვის დონიდან 1 669 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მოსახლეობა თავს ძირითადად მეკარტოფილეობით და მესაქონლეობით ირჩენს. სასმელი და სარწყავი წყალი, სახელმწიფო ენის არცოდნა, სეზონურ სამუშაოებზე დამოკიდებულება, მოქალაქეობის არქონა, მოწეული მოსავლის რეალიზაცია - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რაზეც არაგველები ჩივიან.

ბოლო წლებში, საქართველოში დაწყებული მიგრაციის შემდეგ, სოფელში 200-მდე ოჯახი დარჩა. მელიქ მელქონიანი ერთ-ერთია თანასოფლელებს შორის, ვისაც არაგვაში შექმნილ პრობლემებზე საუბარი არ უჭირს. სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხებიდან, ყველაზე მეტად გზისა და ბორდიურების შესაკეთებლად გაწეული უხარისხო სამუშაოები აწუხებს. ამბობს, რომ გზის მოასფალტების შემდეგ, დაზიანებული ბორდიურების ნაწილი შეაკეთეს, რომელიც მალევე გაფუჭდა. მელქონიანი ბავშვების გამო შიშობს, რადგან გზა და ბორდიურები სკოლასთან ახლოს მდებარეობს.

„ბავშვები გზასთან ახლოს თამაშობენ, აქ არც რამე შემზღუდავი ნიშანია და არც ე.წ. მწოლიარე პატრული, რომ სწრაფად მოძრავმა მანქანებმა სვლა შეანელონ. გზაზე ბორდიურებიც შესაკეთებელია, პრობლემები კი დღემდე მოუგვარებელია“, - ამბობს მელიქ მელქონიანი.

მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც სოფლის შემაღლებულ ნაწილში ცხოვრობს, პრობლემაა სასმელი წყლის მიწოდება. ადგილობრივების მტკიცებით, წყალს წნევა არ ჰყოფნის და მათ ონკანებში ვერ აღწევს. ამბობენ, რომ იგივე პრობლემის წინაშე დგანან მოსავლის მორწყვის გამო.

„წყალს სოფელ ხანდოდან ვიღებთ, რადგან სატუმბი იქ არის მილზე დაერთებული, ამიტომ არაგვაში, სოფლის ნახევარზე მეტს წყალი ვერ მიეწოდება“, - ამბობს ადგილობრივი სამველ მელქონიანი.

მძიმე სოციალური ფონისა და უმუშევრობის გამო, მოსახლეობა დასაქმებას მეზობელ სახელმწიფოებში ცდილობს. ჯავახეთის დანარჩენი მაცხოვრებლების მსგავსად, არაგვას მკვიდრებიც, სომხეთსა და რუსეთში გამომუშავებული თანხით არჩენენ საქართველოში დატოვებულ ოჯახებს. პანდემიამ სხვების მსგავსად, ისინიც სეზონური სამუშაოების გარეშე დატოვა.

„ჩაკეტილი საზღვრების გამო წელს ვეღარ წავედით სამუშაოდ. სოფელში კი მარტო კარტოფილზე ვართ დამოკიდებული, ყველაფერი გაძვირდა და მარტო ეს გაიაფდა. რასაც ვიღებთ, იმასაც ვერ ვყიდით“, - ამბობს ალვარდ პალპოსიანი.


პანდემიის გამო საქართველოში ჩარჩენილმა არაგვას მაცხოვრებლებმა მოქალაქეობა კონსტიტუციაში შესული ცვლილებების გამო დაკარგეს. მიზეზი ის იყო, რომ ეთნიკური სომხების ნაწილი ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობდა - საქართველოსთან ერთად იყვნენ სომხეთის ან რუსეთის მოქალაქეები.

2014 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა 10 000-მდე სომეხმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. მას, ვისაც მოქალაქეობის მიღება სურს, ქართულ ენაში გამოცდა უნდა ჩააბაროს, თუმცა სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ტესტირება მათთვის დიდი პრობლემაა.

„ფულს ტყუილად ვყრით, მოქალაქეობას კი მაინც ვერ ვიღებთ. მე პირადად ენა არ ვიცი და ალბათ, ამ ასაკში ვეღარც ვისწავლი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდას ვერ ჩავაბარებ და გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეობას ვერასდროს მივიღებ, ეს ნორმალურია?“, - წუხს ლარისა აივაზიანი.

სოფელში არსებული პრობლემების შესახებ tv9news.ge -ს კითხვებს პასუხობს ახალქალაქის მერის წარმომადგენელი. ღაზაროს უნანიანი ამბობს, რომ გზის შეკეთების სამუშაოები სოფელში გაზაფხულიდან განახლდება, რაც შეეხება სასმელ წყალს, წარმომადგენელი აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ახალქალაქის მერიიდან პასუხს ელის.

„არაგვა ცენტრალური სოფელია. ასფალტირების შემდეგ, ბავშვების უსაფრთხოების გამო გზის ბორდიურები შეაკეთეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე მივმართე და იმედია სამუშაოებს გააგრძელებენ და ბორდიურებსაც დაამატებენ“, - განმარტავს მერის წარმომადგენელი არაგვას ადმინისტრაციულ ერთეულში ღაზაროს უნანიანი.


დანარჩენი საქართველოს მსგავსად, ადგილობრივები ჯავახეთის სოფლებიდანაც მიდიან. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, არაგვაში 861 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როცა ჯერ კიდევ 2002 წელს სოფელში 1 206 ადამიანი იყო რეგისტრირებული.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |