მოიხსნება თუ არა კომენდანტის საათი?
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება. აღნიშნულის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადაწყვეტილებებს მივიღებთ არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით და საფუძველზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ღამით გადაადგილების შეზღუდვა არის ერთადერთი ძლიერი ბერკეტი იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია მაქსიმალურად მოხდეს.
"შესაბამისად, მოცმეულ მომენტში, არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდობით, შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. დავაკვირდეთ არსებულ მდგომარეობას. საკოორდინაციო საბჭო მუდმივად განიხილავს ამ საკითხს, რადგან ჩვენთვისაც ცნობილია, რომ ეს ერთ-ერთი რთული საკითხია, რომელიც ჩვენ საზოგადოებას, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აწუხებს, ეს კომპლექსური საკითხია და აქ ერთი რომელიმე კონკრეტული კომპონენტი არ არის მთავარი, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ. სამწუხაროდ, კონკრეტულ მომენტში თარიღებთან დაკავშირებით ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, როგორც კი იქნება ამის შესაძლებლობა და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რასაც საზოგადოებას ვამცნობთ", - განაცხადა დარჩიაშვილმა.