საზოგადოება
ახალციხეში შშმ პირთა საკვირაო სკოლა გაიხსნა
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „თანადგომა შვილებს“ შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის საკვირაო სკოლა გახსნა. ღონისძიებას შშმ პირები, მათი მშობლები, მერიის, სამხარეო ადმინისტრაციის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სკოლა გათვლილია სრულწლოვან ბენეფიციარებზე და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემების მოგვარებას, დასაქმებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. 

შშმ პირებისათვის განკუთვნილ საკვირაო სკოლას ფართი „ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა" გამოუყო. სკოლაში სწავლა 23 მარტიდან დაიწება და ბენეფიციარებს კვირაში სამი დღე - სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, 2-2 საათით უმასპინძლებს. გაკვეთილებზე შშმ პირები ისწავლიან თექაზე, ბისერებსა და პლასტელინზე მუშაობას, თავიანთ ნამუშევრებს კი გამოფენაზე გაიტანენ.

მომავალში საკვირაო სკოლაში ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარება და ქალაქგარეთ მცხოვრები ბენეფიციარების ინტეგრირება იგეგმება. გარდა ამისა, საკვირაო სკოლა აპირებს სადღეღამისო რეჟიმში გადავიდეს და ობოლ ბენეფიციარებს სკოლაში დარჩენის უფლება მისცეს.


| Print |