საზოგადოება
„ახალციხიდან მკვდარი წაიყვანეს“ - ექთნის სიკვდილში ოჯახი კლინიკას ადანაშაულებს
28 წლის მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ხელმძღვანელობამ ყველა თანამშრომელს მოსთხოვა, რომ ვაქცინაცია გაეკეთებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. მსგავს ულტიმატუმს უარყოფენ სამედიცინო დაწესებულებაში.

ოჯახს კლინიკის მისამართით მხოლოდ ეს პრეტენზია არ აქვს. ახლობლები ფიქრობენ, რომ მეგი ბაქრაძეს ადგილზე არ ჩაუტარდა ის დახმარება, რაც ვაქცინაციის შემდეგ გართულებისას ესაჭიროებოდა. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ 28 წლის ქალი ახალციხეშივე გარდაიცვალა.
კლინიკა „იმედის“ დირექტორი გიორგი ბარძიმაძე ამ ბრალდებასაც უარყოფს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში კატასტროფის ჯგუფი თბილისში არ წაიყვანდა და პაციენტს არც თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა მიიღებდა.

ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.

მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკაში მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.


| Print |