საზოგადოება
მთელი საზოგადოება მოუმზადებელი იყო ვაქცინაციისთვის - გარდაცვლილი მედდის მამა
დღეს, 22 მარტს, ადიგენის სოფელ ქვემო ენთელში გარდაცვლილი ექთნის პანაშვიდი გაიმართება. ოჯახს 28 წლის მეგი ბაქრაძის მოულოდნელ სიკვდილთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვს. მათ შორის, რა დროში აღმოუჩინეს პაციენტს პირველადი დახმარება, როდის მივიდა უგონო მდგომარეობაში მყოფ მეგი ბაქრაძესთან რეანიმატოლოგი, რატომ დაგვინადა მისი თბილისში გადაყვანა და ჰქონდა თუ არა საკმარისი ინფორმაცია მედპერსონალს ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ. 

ოჯახის წევრები კლინიკა "იმედს" უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ შემთხვევის შესახებ მედიით შეიტყვეს,  სამედიცინო დაწესებულებიდან მათთვის არავის დაურეკავს. 

ეს არ არის ერთადერთი ბრალდება, რასაც გარდაცვლილი მედდის ოჯახის წევრები კლინიკას უყენებენ. მათი თქმით, ვაქცინაციის წინა დღეს მეგი ბაქრაძეს პოთრომბინი მაღალი, ჰემოგლობინი კი დაბალი ჰქონდა. ამის გამო ექიმებმა ახალგაზრდა ქალს ერთ-ერთი მედიკამენტის რამდენიმე აბის მიღება ურჩიეს. მეგიმ წამალი დალია და ვაქცინის გასაკეთებლად წავიდა. ამას კატეგორიულად უარყოფენ კლინიკაში. 

მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

| Print |