საზოგადოება
ვაქცინაციაზე პასუხისმგებლობა მედიკოსებმა უნდა აიღონ - მეუფე თეოდორე მეგი ბაქრაძის ოჯახში მივიდა
ჩვენი მოვალეობაა ვიზრუნოთ იმაზე, რაც დატოვა მეგიმ, ვიზრუნოთ მის ოჯახზე, შვილებზე და შევეცადოთ, რომ ის სითბო და სიყვარული, რაც მოაკლდება მათ, ეს ავუნაზღაუროთ - განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, რომელიც დღეს, 22 მარტს სოფელ ქვემო ენთელში გარდაცვლილი მედდის ოჯახში მივიდა.

ქორეპისკოპოსმა პანაშვიდი გადაიხადა და მეგი ბაქრაძის ახლობლებს მიუსამძიმრა.

მეუფე თეოდორემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სასულიერო პირები ვაქცინაციის პროპაგანდაში არ ჩაერთვებიან და პროცესის მართვაზე პასუხისმგებლობა სამედიცინო პერსონალმა უნდა აიღოს.

"საპატრიარქოს პოზიცია სინოდზე იყო გაჟღერებული და ჩვენ ვთქვით, რომ მთავარია ადამიანის ნება იყოს გამოხატული, ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მეორე არის მთავარი, რომ ადამიანმა რომ გადაწყვიტოს უნდა იყოს კარგად ინფორმირებული, მედიკოსების მოვალეობაა, რომ ადამიანები კარგად იყვნენ ინფორმირებულები. ჩვენ პროპაგანდას ვერ გავწევთ როგორც ვთქვით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ეს მედიკოსებმა უნდა გააკეთონ, მათი სფეროა", - აღნიშნა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ. 

მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედის" მედდა იყო. ის სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

| Print |