საზოგადოება
მედიკოსებმა ის პერიოდი გაუშვეს, რაც ტვინს ჭირდებოდა - გარდაცვლილის ბიძა
გარდაცვლილის ბიძა ტარიელ ბაქრაძე ექიმების განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია რომ მეგი ბაქრაძე ორი წლის წინ ავარიაში მმოყვა. მეგის ბიძა ადასტურებს ფაქტს და აღნიშნავს, რომ მედდამ ნამდვილად მიიღო დაჟეჟილობა თავის არეში და რამდენიმე დღე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა კიდეც. ამის შესახებ კლინიკა „იმედმა“ იცოდა, რადგან ბიულეტენზე იმყოფებოდა. ტარიელ ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ მეგის მდგომარეობა ძველმა ტრავმამ კიდევ უფრო დაამძიმა.

„ჩვენ უფრო ვვარაუდობთ, რომ თრომბოემბოლია იყო. როგორც დასკვნებში წერია, მასეც არ არის“, - განაცხადა ტარიელ ბაქრაძემ.

რაც შეეხება კლინიკა „იმედის“ მედიკოსთა განცხადებებს, რომ მათ მეგისთვის მიცემული წამლების შესახებ არაფერი იციან, ბიძა ამბობს, რომ „იტყუებიან“.

„მამამისი წინა დღის გამოწერილი იყო საავადმყოფოდან, მის სანახავად ავიდა. იქაც და მეზობლებთანაც თქვა, რომ გემოგლობინი ჰქონდა დაბალი და ამისთვის საავადმყოფოში მედიკამენტები ურჩიეს, რომელსაც სვამდა. რა ტაბლეტი მისცეს, ჩვენ არ ვიცით. დედამისს კი უთხრა ტელეფონში, მაგრამ წამლის სახელი არ ახსოვს. რეანიმატოლოგის ნათქვამიც არასწორია, დღეს მე ვიყავი თამარ მეფის ძეგლთან და გადავედი კლინიკაში, ვერაფრით მიხვალ ორ წუთში, რადგან მანქანები ისე მოძრაობენ, რომ რაც არ უნდა ფარები აანთო, არ გაგიშვებენ“ - აცხადებს ტარიელ ბაქრაძე.

მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იმედის კლინიკაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ მეგი ბაქრაძეს ხვალ დაკრძალავენ. 24 მარტს კი გარდაცვლილ მედდას 29 წელი შეუსრულდებოდა.
| Print |