საზოგადოება
კოვიდი მძვინვარებს, მოსალოდნელია შემდეგი ტალღები, ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია - ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბაქრაძის ოჯახს მიუსამძიმრა
მეგი ბაქრაძის გარდაცვალება ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. კლინიკა ,,იმედის" მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მხარის გუბერნატორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, შიშის მომენტი არსებობს, მაგრამ კოვიდთან ბრძოლის მთავარ იარაღად მაინც ვაქცინაცია რჩება.

„დიდი უბედურებაა ჩვენი რეგიონისთვის და სრულიად საქართველოსთვის ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალება. მე დღეს მივუსამძიმრე ოჯახს, ეს სამწუხარო ფაქტია. რაც შეეხება ვაქცინაციას, სამწუხაროდ ის ერთადერთ ბრძოლის იარაღად რჩება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელს მსოფლიოში. გართულებების რისკი არსებობს მაგრამ ამაზე კომენტარი ექიმებმა უნდა გააკეთონ. ის თუ რომელი ვაქცინით უნდა აიცრან, რა პირობებში და ვაქცინაციის შემდგომ გართულებებზე როგორ უნდა უმკურნალონ, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება და არასწორი იქნება ჩემი შეფასება“, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. მედდა სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. 28 წლის ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს. ჩატარებულია ექსპერტიზაც, თუმცა ჯერ პასუხი ცნობილი არ არის. ოჯახი „იმედის“ ექიმებს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. ოჯახს სამძიმარს უცხადებს სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი. ანტონ ობოლაშვილი აცხადებს, საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილით, საგამოძიებო პროცესში ჩაერთვება. 

,,საშინელი ამბავი მოხდა, რომელმაც ყველა შეგვძრა. რაც შეეხება ვაქცინაციას, საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იყო და გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს. ვიცით, რომ კოვიდი მძვინვარებს, მოსალოდნელია სხვადასხვა შემდეგი ტალღები, შესაბამისად ამოცანის ამოხსნის ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მაქვს იმის საფუძველი, რომ ვენდო ჩვენს გამოცდილ ექიმებს და გავითვალისწინოთ მათი რჩევები. ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება გამოძიებას, მეც მაქსიმალურად ვიქნები ჩართული, რომ გამოძიება ჩატარდეს სრულფასოვნად, იყოს ამომწურავი, რომ ოჯახს კითხვები არ დარჩეს. ჩავერთვები საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილით, პარლამენტის თავმჯდომარესთანაც მექნება საუბარი" - განმარტა პარლამენტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა.

იმედის კლინიკაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ მეგი ბაქრაძეს ხვალ დაკრძალავენ. 24 მარტს კი გარდაცვლილ მედდას 29 წელი შეუსრულდებოდა.
| Print |