საზოგადოება
სამხედრო დასახლებაში ჭურვის ნარჩენი იპოვეს
ახალციხეში, სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, გაწმენდითი სამუშაოების დროს, „შპს არალის” წარმომადგენლებმა სავარაუდოდ, საბრძოლო ტექნიკის ნაწილი აღმოაჩინეს. კომპანიის თანამშრომლების თქმით, მძიმე ტექნიკის მუშაობისას მიწაში უცხო ნივთი გამოჩნდა. ამის გამო, რუსთაველის ქუჩაზე სამუშაოები ორი დღით შეჩერდა. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, საბრძოლო ტექნიკის პოვნის შესახებ მერიას შეატყობინეს. 

"ჩემმა თანამშრომლებმა როგორც კი შენიშნეს უცხო ნივთი, მაშინვე მერიას მიმართეს. ვინაიდან სამხედრო დასახლება იყო ეს ადგილი, გვაინტერესებდა რამე საშიში ხომ არ იყო", - ამბობს შპს არალის ხელმძღვანელი დიმიტრი თათეშვილი. შემთხვევა 15 მარტს მოხდა.

მერიაში ამბობენ, რომ ნივთი სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს და ის კოროზირებული ჭურვის ნარჩენი აღმოჩნდა.

"ობიექტი შესწავლილია და საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს", - გვითხრეს მერიაში. 

რუსთაველის 124-ში, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აქ სპორტული კომპლექსი და ახალგაზრდული სივრცე მოეწყობა.

| Print |