საზოგადოება
გერმანიიდან 350-მდე ვაკანსიაა შესული - დასაქმების სააგენტო
ამ დროისთვის დასაქმების სააგენტოში დაახლოებით 350-მდე ვაკანსიაა გერმანიიდან შესული, მათგან 50 ვაკანსიაზე კანდიდატები აპრილის დასაწყისში უნდა გაემგზავრონ, დანარჩენი ვაკანსიები კი მაისში, მეტწილად კი ივნისში დასაქმებას გულისხმობს.

სააგენტოს ინფორმაციით, თითოეული ვაკანსია 3-თვიან სამუშაო პერიოდს მოიცავს: მოსავლის აღებას, შემდეგ დასაწყობებას, დახარისხებას, შეფუთვას.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სპეციალურ ვებგვერდზე 97 436 პირია რეგისტრირებული. კანდიდატთა უმრავლესობა დედაქალაქიდანაა, მეორე პოზიციას კი აჭარის რეგიონი იკავებს. სააგენტო აქცენტს პირველ ეტაპზე რეგიონებზე გააკეთებს, ვინაიდან რეგიონებში მცხოვრებლებს სოფლის მეურნეობის სექტორში და ასევე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე მუშაობის მეტი გამოცდილება აქვთ.

სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. აპრილის დასაწყისში კი, შერჩეულ კანდიდატთა კონკრეტული რიცხვი ცნობილი გახდება.

ცნობისთვის, დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
| Print |