ახალციხის N5 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
დღეიდან, 29 მარტიდან, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში გაკვეთილები დისტანციურად ჩატარდება. გადაწყვეტილება სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლის ინფიცირების გამო მიიღო. ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. დირექტორის თქმით, ონლაინ გაკვეთილები 5 აპრილამდე ჩატარდება.
„დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ერთი მხრივ, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და მეორე მხრივ, სასწავლო პროცესის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით გადავწყვიტეთ. რაც შეეხება მოსწავლეს, იგი ამჟამად ბინაზე მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს“, - აცხადებს ინგა ვარდიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. გაკვეთილები სპეციალური რეკომენდაციების საფუძველზე ტარდება.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული რეკომენდაციები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შესაბამის რეგულაციებთან ერთად, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა.