საზოგადოება
სახელმწიფო გვაქვს?! მთავრობა გვყავს?! საზოგადოება ვართ?! - ახალციხელების რეაქცია ვლადიმერ პოზნერის ვიზიტზე
რუსი ჟურნალისტის 87 წლის საქართველოში აღნიშვნას, სამოქალაქო აქტივისტები ქართული ჰიმნით აპროტესტებენ. დედაქალაქში დაწყებულ პროტესტს ახალციხელებიც უერთდებიან.

სოციალურ ქსელში გამოთქმული პროტესტი ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გამოჩნდა.

,,ძალა აღარ მყოფნის სიტყვებს თავი მოვუყარო და რამე დავწერო. ეს არის საქართველოს მთავრობის ღიად გამოცხადებული დამოკიდებულება რუსეთისადმი. ასევე ტესტი სამოქალაქო საზოგადოებისადმი, რამდენად შეეგუებიან მსგავსი სახის ფაქტებს" - წერს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი მაკა სუდაძე.

,,რეფერენდუმის 30 წლისთავის საჩუქარი.. 30 წლის წინ ამ დღეს ბედნიერი ვიყავი საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა და მიხაროდა - ვაშა რუსეთისგან თავისუფლები ვართ - თქო, გავიძახოდი პატარა გოგო. დღეს კი ბედის ირონია. კაცი, რომელიც იმას ამბობს - აფხაზეთი საქართველოსი არასოდეს იქნებაო, ქვეყანაშიც შემოუშვეს და დაბადების დღის გადახდასაც აპირებს აქ.. გასკდა გული"-  წერს ისტორიკოსი მთვარისა თარხნიშვილი.


,,ხდება 9 საათი, სათბურში მარწყვს ვრგავთ, 3 კვალი დაგვრჩა, ნერგი გვიფუჭდება, ვერ ვასწრებთ, კომენდანტის საათი მოდის, გამოვრბივართ სახლში, ვრთავ ტელევიზორს და რას ვხედავ - რუსები რესტორანში გუგუნებენ. ახლა რა განწყობაზე ვიქნები... სახელმწიფო გვაქვს?! მთავრობა გვყავს?! საზოგადოება ვართ?! - კითხულობს ნიკოლოზ ბეგიშვილი.

სასტუმროსთან, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, ამ წუთებში (00:01 სთ) დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები სასტუმროს შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.

პოლიცია აქტივისტების ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობს. ადგილზე ვითარება ამ წუთებშიც დაძაბულია.

ადგილზე ერთი სამართალდამცველი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ტერიტორიიდან გამოიყვანეს.

შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. მისი განცხადებით, ის ქვეყანაში დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფება.

| Print |