საზოგადოება
გაზის სუნი არ იყო, ასანთი აანთო და აფეთქება მოხდა - დაშავებულის შვილი
საცხოვრებელი სახლი, სადაც ბუნებრივი აირის აალება მოხდა, სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს. რა გახდა აალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა რამდენიმე დღეში დაადგენს. 

შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მოხდა. აალების შედეგად, 48 წლის ქალმა სხეულის დამწვრობა მიიღო. მისი შვილის თქმით, დილით აფეთქების ძლიერმა ხმამ გააღვიძა, სამზარეულოში კი დაშავებული დედა დახვდა. 

48 წლის ქალი ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის 20% აქვს დამწვარი.

"სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად აქვს მიღებული სხეულის თერმული დამწვრობა. დამწვარი აქვს თავი, ორივე მტევანი, წინა მხარე. ამას ემატება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება და დამწვრობითი შოკი. მდგომარეობა მძიმეა, მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში", - გვითხრა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.


| Print |