საზოგადოება
იგეგმება თუ არა ფართო ლოკდაუნი - თამარ გაბუნიას განმარტება
ამ ეტაპზე ფართო ლოკდაუნი არ იგეგმება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე რთულად გადაიტანს.

„ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი შემთხვევების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე რთულად გადაიტანს. მნიშვნელოვანია, მცირე ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც ამ პროცესში კეთდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს, კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი დაიწყო.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 282 789 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 273 930, გარდაიცვალა 3 798 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.
| Print |