საზოგადოება
რესტორატორთა ასოციაცია კომენდანტის გადაწევასა და შაბათ-კვირას მუშაობის უფლებას ითხოვს
რესტორატორთა ასოციაცია ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევასა და შაბათ-კვირას სარესტორნო ბიზნესისთვის შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს. სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ გაითვალისწინონ მათი მოთხოვნები, ვინაიდან სარესტორნო ბიზნესი გაკოტრების პირასაა.

"რესტორანი ვერ ფუნქციონირებს შეზღუდვებით. ამ შეზღუდვებით, რეალურად 21:00 საათამდე შეიძლება ფუნქციონირებდეს და ვერ იფუნქციონირებს შაბათ-კვირას, ყველამ კარგად ვიცით რა შედეგების მომტანია ეს", - ამბობს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.

რესტორატორები მმართველ გუნდს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათი არაერთი თხოვნის მიუხედავად ხელისუფლებასთან შეხვედრა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. რესტორატორები შერჩევით სამართალზეც საუბრობენ.

"თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ 21:00 საათზე რუსეთის დელეგაციას დააბრძანებს ჩვენი პოლიცია და რესტორნებს უხსნიან, საშინელი უსამართლობის შეგრძნება გეუფლება", - ამბობს რესტორატორი ქეთი ბაქრაძე.

კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე კვების ობიექტები მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშაობენ და კომენდანტის საათის გამო ობიექტების დახურვა ადრე უწევთ, შაბათ-კვირას კი მუშაობის უფლება საერთოდ არ აქვთ.
| Print |