საზოგადოება
ვალეში გაზის აალებისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
48 წლის ქალი, რომელიც ახალციხის ქალაქ ვალეში გაზის აალების შედეგად დაშავდა, დამწვრობის ცენტრშია მოტავსებული. მკურნალი ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

„დაშავებული ქალის მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.  ის ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. აქვს ბევრი ტრამვა, დამწვარი აქვს თავი, ორივე მტევანი და წინა მხარე, ამას ემატება სასუნთქი მილების დამწვრობა და დამწვრობითი შოკი. მდგომარეობა მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობით ფასდება,“
- გვითხრა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ. 

შემთხვევა პირველ აპრილს მოხდა. დასავებული ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. ქალს სხეულის 20% აქვს დამწვარი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

| Print |