საზოგადოება
ახალციხეში გაზის მილებში ჭარბი ოდენობით ოდორანტი შეუშვეს
ქალაქ ახალციხეში, მოსახლეობა ბუნებრივი აირის მძაფრმა სუნმა შეაწუხა. მოქალაქეები ამბობენ, რომ სახლში გაზის სუნმა საგრძნობლად იმატა, ამიტომ ბავშვები სახლიდან ეზოში გაიყვანეს.

„არ ვიცით რა ხდება, არავის გავუფრთხილებივართ, მესიჯი მაინც მოგვწერონ წინასწარ. საშინელი სუნი დადგა სახლში, ვერ ვჩერდებით. კარ-ფანჯარა გავაღეთ რომ განიავდეს. ჩავაცვით ბავშვებს თბილად და გარეთ გამოვედით“, - გვითხრეს კლდიაშვილისა და ნიკოლოზის ქუჩის მაცხოვრებლებმა.

კომპანია „ინტერგაზში“ ამბობენ, რომ ბუნებრივ აირს სუნის მიმცემი - ოდორანტი დაუმატეს.

"დამატებით ოდორანტი გაუშვეს, ცოტა მეტი მოუვიდათ. ყოველდღიურად უმატებენ, რომ სუნი მისცეს. ჩასუნთქვა საშიშია, მაგრამ მალე გაიწმინდება სუნი, ნახევარ საათში აღარ იქნება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი ვასილ აბულაძე.

ნივთიერება ოდორანტი (ეთილმერკაპტანი) ბუნებრივ აირს დამახასიათებელ სუნს აძლევს. მისი მიზანი ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენაა.

| Print |