საზოგადოება
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა
32 წლის წინ, საბჭოთა საქართველოს დედაქალაში სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა, გენერალ როდიონოვის ხელმძღვანელობით, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეები.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

ვითარება საქართველოში 1988 წლიდან იძაბებოდა, მაშინ როცა ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ, ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 5 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს.

1989 წელს 9 აპრილს, გამთენიისას, მაშინ, როცა მშვიდობიანი აქციის, მათ შორის მოშიმშილეების დასჯის გადაწყევტილება მიღებული იყო, აქციის მონაწილეებმა და მით უფრო ორგანიზატორებმა არ მიიღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თხოვნა და მოწოდება - გადაენაცვლათ ქაშუეთის ტაძარში და ამით თავიდან აეცილებინათ საშინელი საფრთხე. ისმოდა შეძახილები: ”არა! ფიცი გვაქვს ნათქვამი!” ღმერთს შევფიცეთ!” და ეს - “არა!” - საბედისწერო გახდა 21 ადამიანისთვის. საბჭოთა ნაწილების სადამსჯელო ოპერაცია იყო სამაგალითოდ სასტიკი. იყვნენ დაჭრილები და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2 000-მდე პირი. საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

9 აპრილს დაიღუპნენ:

აზა ადამია, 22 წლის
ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
ნატო გიორგაძე, 23 წლის
თამუნა დოლიძე, 28 წლის
თინა ენუქიძე, 70 წლის
ნინო თოიძე, 25 წლის
ზაირა კიკვიძე, 61 წლის
მანანა ლოლაძე, 33 წლის
თამარ მამულიშვილი, 50 წლის
ვენერა მეტრეველი
მამუკა ნოზაძე, 22 წლის
ნანა სამარგულიანი, 41 წლის
შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის
მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
თამარ ჭოველიძე, 16 წლის
ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
მანანა მელქაძე, 23 წლის
გია ქარსელაძე, 25 წლის
| Print |