საზოგადოება
ქალი, რომელიც შვილის დაბრუნებას ითხოვს, პოლიციამ დააკავა
ახალციხეში მცხოვრები 40 წლის ქალი, რომელიც შვილის დაბრუნებას ითხოვს, პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დააკავა. ირანის მოქალაქეს სამართალდამცველები იმ ოჯახზე ძალადობას ედავებიან, რომელსაც ქალის ბიოლოგიური შვილი მინდობით აღზრდაში ჰყავს.

დაკავებას წინ უძღოდა ინციდენტი, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მოხდა. ბრალდებული იმ ოჯახში მივიდა, სადაც მისი სამ წლმადე შვილი იზრდება. მეზობლები და აღმზრდელი ოჯახი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ქალი ოჯახს სისტემატურად აკითხავდა, ბავშვის ნახვას ითხოვდა და აგრესიულად იქცეოდა.
ბავშვის აღმზრდელ ოჯახში ამბობენ, რომ ბიჭი ბიოლოგიურ დედას ექვსი თვის ასაკში ჩამოართვეს და მას შემდეგ მათთან იზრდება. დედას ბავშვის თვეში ორჯერ, სოცმუშაკთან ერთად ნახვის უფლება ჰქონდა.

„დედამისი ყოველ დღე გვაკითხავდა ბავშვის ნახვის მიზნით. შეხვედრების დროსაც კი არ ექცეოდა ბავშვს კარგად. 6 თვიდან ვზრდი ახლა კი 2 წლის და 9 თვისაა, ამიტომ ბიოლოგიური დედა არც კი ახსოვს“, - ამბობს დედობილი.

შემთხვევასთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ამბობენ, რომ აღნიშნულ საქმეზე სოციალური სამსახური რამდენიმე წელია მუშაობს.

„თავის დროზე ბავშვი სახელმწიფო ზონაში გაყვანილ იქნა რადგან მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად დედა-შვილის კონტაქტი არ გაწყვეტილა”, - განაცხადა tv9news.ge-თან სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსმა ელენე მარტაშვილმა.

ბავშვთა უფლებათა კოდექსის საფუძველზე, საქმეში სასამართლო 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ჩაერთო. ქალს დედობის უფლება შეჩერებული აქვს. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ამბობენ, რომ მოცემულ მომენტში, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ბიოლოგიურ დედასთან დაბრუნება გამორიცხულია.
| Print |