საზოგადოება
„სახლში დაბრუნება მინდა“- ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის აღსაზრდელი
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მცხოვრებ ბენეფიციარებს ტერიტორიის დატოვებისა და გარეთ გამოსვლის უფლება არ აქვთ. „მეცხრე არხის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე, მოზარდები გალავანზე ავიდნენ და ჟურნალისტს გაესაუბრნენ. არასრულწლოვანების ნაწილი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობენ და პანსიონში შესაბამისადაც უვლიან, რამდენიმე მათგანმა კი თქვა, რომ სახლში დაბრუნება უნდა.

ნინოწმინდის პანსიონში, სადაც 57 არასრულწლოვანი ირიცხება, ყველაზე პატარა კი 5 წლისაა, დაწესებულების მიმართ გაჩენილ კითხვებს არ პასუხობენ. იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ შეუშვეს, სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი იმით ხსნის, რომ ადმინისტრაციამ მისი კურთხევა შეასრულა.

„ეს არის ხალხი, რომელიც პირდაპირ და ოფიციალურად ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ჩემი პირადი აზრია ასეთი, რომ ამ ხალხის ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში შეშვება არ შეიძლება. წაბილწავენ იქაურობას“.


რა მდგომარეობაში არიან ბავშვები და როგორ უწევთ ცხოვრება - ამის შემოწმების უფლება არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.

სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთეს ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები.

“პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვანები ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი“, - წერია სახალხო დამწველი განცხადებაში.

| Print |