საზოგადოება
აკრძალვის გამო, მოქალაქეების ნაწილი სასაფლაოზე დღეს გავიდა
იმის გამო, რომ აღდგომის დღესასწაულსა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეზე სასაფლაოზე გასვლა აკრძალულია, ხოლო ვინც ამ წესს დაარღვევს 2 000 ლარით ჯარიმდება, მოქალაქეების ნაწილმა გადაწყვიტა სასაფლაოზე დღეს, 1-ელ მაისს გასულიყო. მოსახლეობა ამბობს, რომ აკრძალვის გამო იძულებული გახდა, ახლობლების საფლავზე სანთლები აღდგომამდე ერთი დღით ადრე აენთოთ. 

„ეს ერთი დღეა, ჩვენ წინაპრებს რომ მივაგებთ პატივს და ამ დღესაც თუ ვერ გავედით,,, საფლავზე მივედით ოჯახის წევრები დღეს, წითელი კვერცხი არ წაგვიღია, ამბობენ აღდგომამდე არ შეიძლებაო, მარტო სანთლები ავანთეთ და წამოვედით. რამდენიმე საფლავზე იყო ხალხი, ზოგან კვერცხები ეწყო და სანთლებიც ენთო, ისინი უფრო ადრე მივიდნენ ალბათ“, - გვითხრეს ადგილობრივებმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი მობილობის თავიდან ასაცილებლად, 2, 3 და 4 მაისს სასაფლაოზე გასვლა აკრძალულია. ამ დღეებში ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები და ვითარებას პოლიცია გააკონტროლებს.

| Print |