საზოგადოება
დილიდან ახალციხის სასაფლაოსთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ახალციხეში არსებული ყველა სასაფლაო ჩაკეტილია. შესასვლელებთან და მიმდებარე პერიმეტრზე სამართალდამცავები დგანან. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 დან 4 მაისამდე სასაფლაობზე გასვლა აიკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოზე 30 აპრილს მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაფლაოების ტერიტორიაზე შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.

მათივე ცნობით, აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით”,
- აღნიშნავენ უწყებაში.

საკოორდინაციო საბჭომ სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა შეზღუდვებიც აამოქმედა, მაგალითად 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტს კი შეზღუდვა არ შეეხება.

წუხელ ღამით, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდა. მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იყო გახმოვანების სისტემა, დაცული იყო სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.

აღდგომის ღამეს, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვამ, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისს, 21:00-05:00 საათის ნაცვლად, იმოქმედა 23:00-04:00 საათამდე.

როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად.

დაწესებულ შეზღუდვებს მოქალაქეები ემორჩილებიან და საფლავებზე გასვლისგან თავს იკავებენ.
| Print |