საზოგადოება
უკვდავ პოლკს ახალქალაქის მერიისთვის არ მიუმართავს - იურიკ უნანიანი
ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

9 მაისთან დაკავშირებით, უკვდავი პოლკის გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შვიდ ქალაქში უნდა გამართულიყო აქცია, მათ შორის ახალქალაქშიც. 9 მაისს, დაღუპულ გმირებს, ჯავახეთში პატივი მიაგეს, მაგრამ მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ახალქალაქის მერის განცხადებით, მათთვის აქციის ჩატარების თაობაზე არავის მიუმართავს, მით უმეტეს უკვდავ პოლკს. იურიკ უნანიანი ამბობს, რომ ,,უკვდავმა პოლკმა ბოლოს აქცია 2019 წელს გამართა, მას შემდეგ აღარავინ გამოჩენილა. რაც შეეხება ცოხცალ გმირს, მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი პირია ცოცხალი და მას კანონით გათვალისწინებული ჯილდო და საჩუქრები წელსაც გადაეცა".
რაც შეეხება პარლამენტის წევრს ჯავახეთიდან, სამველ მანუკიანი აცხადებს, რომ უკვდავი პოლკის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, უფრო მეტიც, უკვდავი პოლკის წარმომადგენელი მისი ინფორმაციით, რუსეთშია წასული.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „უკვდავი პოლკი“, როგორც პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა, ისე დაარეგისტრირა. მოძრაობის ხელმძღვანელად რევაზ გოგიძეა მითითებული.

როგორც გოგიძემ რუსულ მედიას განუცხადა, „რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა, „კარგია, რომ ქვეყნის კანონი ზოგიერთი პარტიის პოლიტიკური ამბიციების მაღლა დგას“.

მისი თქმით, რეგისტრაციის შემდეგ „უკვდავი პოლკი“ საქმიანობას გააგრძელებს.

საქართველოში „უკვდავი პოლკი“ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. პირველი მსვლელობა 2017 წლის 9 მაისს მოეწყო. 2018 წელს აქცია მიმდინარეობდა თბილისში, გორსა და ბათუმში, 2019 წელს დაემატა ახალქალაქი და ნინოწმინდა.

,,ჩემი სახლი საბჭოთა კავშირია, მე წარმოშობით საბჭოთა კავშირიდან ვარ", - საბჭოთა კავშირს ვიდეოკლიპში რუსულად უმღერის ახალგაზრდა კაცი და ყველას მოუწოდებს, რომ საბჭოთა კავშირის საბრძოლო სულისკვეთებას, საბჭოთა ჯარისკაცის ხსოვნას გაუფრთხილდეს. როგორც წესი, ვიდეოკლიპს 9 მაისს დაგეგმილი მსვლელობის დასაანონსებლად იყენებს „საქართველოს უკვდავი პოლკი“.

მიუხედავად ანონსისა, უკვდავი პოლკის მიერ დაგეგმილი აქცია წელს არ გაიმართა ახალქალაქში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარს, ერთჯერადად მიიღებენ.

განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამის გარდა, ომის ვეტერანებს ერთჯერად ფულად საჩუქარს მუნიციპალიტეტის მერიები ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ყოველწლიურად გადასცემენ.
| Print |