საზოგადოება
ნარკომან კაცს სახლში შეუშვებ? ეგრეა სახალხო დამცველიც - დეკანოზი ფილიპე ნინოწმინდის პანსიონიდან
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მცხოვრებ ბენეფიციარებს ტერიტორიის დატოვებისა და გარეთ გამოსვლის უფლება არ აქვთ. „მეცხრე არხის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე, მოზარდები გალავანზე ავიდნენ და ჟურნალისტს გაესაუბრნენ. არასრულწლოვანების ნაწილი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობენ და პანსიონში შესაბამისადაც უვლიან, რამდენიმე მათგანმა კი თქვა, რომ საოჯახო სახლებში ცხოვრება არ უნდა.

მეცხრე არხმა ექსკლუზიურად ჩაწერა დეკანოზი ფილიპე აბაშიძე, რომელიც ბავშვთა სახლში მუშაობს და პერიოდულად, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში შვილებიც ჩამოჰყავს. 6 შვილის მამა ამბობს, რომ პანსიონატში შესვლა ყველას შეუძლია, ვისაც მეუფე სპირიდონის კურთხევა აქვს.

ნინოწმინდის პანსიონში, სადაც 57 არასრულწლოვანი ირიცხება, ყველაზე პატარა კი 5 წლისაა, დაწესებულების მიმართ გაჩენილ კითხვებს არ პასუხობენ. იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ შეუშვეს, სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი იმით ხსნის, რომ ადმინისტრაციამ მისი კურთხევა შეასრულა.

რა მდგომარეობაში არიან ბავშვები და როგორ უწევთ ცხოვრება - ამის შემოწმების უფლება არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.
სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთეს ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები.
| Print |