საზოგადოება
ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო აფრთხილებს
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი.

„შეგახსენებთ ადრე გამოქვეყნებულ მითითებებს, თუ როგორ იმოქმედოთ განგაშის დროს

„სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები, რაც დამოკიდებულია თქვენ ადგილმდებარეობაზე, კერძოდ:

შენობაში – უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები.

შენობის გარეთ ყოფნისას – შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები.

ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები.

სამ ან მეტსართულიან შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ.

სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ.

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება.

სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვავში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა.

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ვებ-გვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან შემდეგ ტელეფონზე: 104“, თვალი ადევნეთ საელჩოს ოფიციალურ ფბ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩოში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი:

+972526919092; +972528888513; +972524440385; +972548620270“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობა რამდენიმე დღის წინ უკიდურესად დაიძაბა. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით BBC-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 139-მდე გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ დღეს ავიაიერიშებს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 10, ერთი ოჯახის წევრები, ღაზაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა.

ისრაელში კი ბოლო მსხვერპლი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ღაზადან თელ-ავივის გარეუბან რამათ-განზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ისრაელში, საერთო ჯამში, 9 ადამიანი, მათ შორს 2 ბავშვია დაღუპული.
| Print |