საზოგადოება
აქცია ბორჯომში - ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ
ბორჯომში N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. საპროტესტო აქცია 10:00 საათიდან დაიწყება და აქციის მონაწილეთა თქმით, არ დასრულდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. საპროტესტო აქციაზე, დაახლოებით 300-მდე ადამიანი იმყოფება და ხელმძღვანელობისგან ნორმალურ სამუშაო პირობებსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას მოითხოვს. საპროტესტო აქცია N1 ჩამომსხმელი ქარხნის ტარიტორიასთან მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულულია პოლიცია.

"ჩვენ ვითხოვთ შრომის პირობების გაუმჯობესებას. ორ თვეზე მეტია მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მხოლოდ ნაწილს დაუკმაყოფილეს მოთხოვნები, უნდოდათ, რომ ერთმანეთს დავპირისპირებოდით, მაგრამ არაფერი გამოუვათ. რაც გვიწერია ხელშეკრულებაში, იმის ნახევარს გვაძლევენ, დანარჩენი ჭამასა და მგზავრობაზე არ გვყოფნის და ამას გვითვლიან. ხალხი არ გვყოფნის და შესვენებაზეც ვერ გავდივართ", - ამბობენ ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები.

აქციის მონაწილეების თქმით, აქციაში ორივე ქარხნის მუშები მონაწილეობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულად გაჩერდება ორივე ქარხნის მუშაობა.
| Print |