საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ასპინძის სარაგბო ბაზას აფინანსებენ - გამჭვირვალობა
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტს 2016-20 წწ. ჯამში 1 171 861 ლარი გადაურიცხეს. 

,,ფონდმა „ქართუმ“ 2012-2013 წლებში მოაწყო ასპინძის სარაგბო ბაზა, რომელსაც ფლობს შპს “რაგბის მხარდამჭერთა ალიანსი R-15”. ამ შპს-ს ორივე დამფუძნებელი - ააიპ “რაგბის მხარდამჭერთა ლიგა” (20%) და ააიპ “ასოციაცია ატუ” (80%) პირდაპირ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთანაც და პარტია „ქართულ ოცნებასთან”. ამ ორგანიზაციებმა 2013-2020 წლებში 45 სახელმწიფო შესყიდვიდან 3 984 317 ლარი მიიღეს, მათმა დამფუძნებლებმა კი „ქართულ ოცნებას” და მის მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში 376 200 ლარი შესწირეს" - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ასპინძის სარაგბო ბაზის ფინანსურ მხარდაჭერა მოგვიანებით სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებმა იკისრეს. 2016 წელს ააიპ “სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი ტაოს” დაფუძნების ინიციატივით ასპინძის მაშინდელი მერი და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლევან ცაბაძე (ლეონსიო) გამოვიდა. მას შემდეგ, თითქმის ყოველწლიურად, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან (ახალქალაქი 2017 წლიდან შეურთდა), ააიპ-სთვის გამოყოფილი თანხა ათასობით ლარით იზრდება.

„ტაოს“ ძირითადი გუნდი პირველ ლიგაში თამაშობს. მას ჰყავს ჭაბუკთა გუნდებიც. მიუხედავად იმისა, რომ ნინოწმინდას არცერთ ასაკობრივ გუნდში მოთამაშე არასდროს ჰყოლია ააიპ-ს 2016-2020 წლებში, 130 000 ლარი მაინც გადაურიცხა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა - ჯამში „ტაოს“ 190 000 ლარი გადაუხადა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში, ჯამში მხოლოდ 3 ახალგაზრდისთვის, 55 000-55 000 ათასი ლარი გამოყო.

,,ააიპ „ტაომ“ 2016-2021 წლებში 9 ტენდერი გამოაცხადა სპორტული შეკრებების დროს, მონაწილეების სასტუმროში დაბინავებასა და კვებით უზრუნველყოფაზე. ცხრავე სატენდერო პირობებში წერია, რომ სასტუმრო უნდა იყოს არაუმეტეს 15 კილომეტრის რადიუსში, უნდა ჰქონდეს სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო მოედანი/მოედნები, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი ფიტნეს-დარბაზი, ყინულის აუზი, საშხაპე და გასახდელი და შემსყიდველმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეების მოედნამდე ტრანსპორტირება.

რეგიონში ამ პირობებს მხოლოდ ასპინძის რაგბის ბაზა აკმაყოფილებს. შესაბამისად, ყველა ტენდერს მისი მფლობელი - შპს „რაგბის მხარდამჭერთა ალიანსი R -15“ უკონკურენტოდ იგებს. მას კონკურენტი მხოლოდ ერთხელ ჰყავდა და მასაც დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. ჯამურად შპს “რაგბის მხარდამჭერთა ალიანსმა R-15”-მა მოგებული ტენდერებისთვის 326 892 ლარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ შპს „რაგბის მხარდამჭერთა ალიანს R-15-ის“ მენეჯერი, 2014-2017 წლებში ასპინძის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის და 2017-2021 წლებში ასპინძის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის ანა ტივაძის დედაა. ვიდრე, ანა ტივაძე თვითმმართველობაში თანამდებობაზე დაინიშნებოდა, შპს-ში აღნიშნული პოზიცია თავად ეკავა" - წერია განცხადებაში"
.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ სპორტის განვითარება და მისი პოპულარიზება ახალგაზრდებში მნიშვნელოვანია, თუმცა ამან ხელი არ უნდა შეუწყოს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას. ამის გამო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ შპს „რაგბის მხარდამჭერთა ალიანს R-15-სა“ და ააიპ „სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ ტაოს“ ტენდერები, ასევე, ამავე შპს-თან და ააიპ „ასოციაცია ატუსთან“ მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ გაფორმებული პირდაპირი შესყიდვები და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, იმოქმედონ კანონის შესაბამისად.
| Print |