საზოგადოება
IDS ბორჯომი საქართველო საპროტექსტო აქციას განცხადებით პასუხობს
ბორჯომში მიმდინარე საპროტესტო აქციას, IDS ბორჯომი განცხადებით ეხმაურება. კომპანიის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის. გთავაზობთ, განცხადების სრულ ვერსიას.

,,ქალაქ ბორჯომში, პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებული, IDS ბორჯომი საქართველოს ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პროფ. კავშირების მიერ გაფიცვის დროდ მოწოდებული იქნა 18 მაისის დილის 10.00 საათი, დღეს დილით 08.00 საათზე პირველი ცვლა სამსახურში არ გამოცხადდა, რაც წარმოადგენს მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობას, რომელიც ორგანიზებულია პროფკავშირების მიერ. გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა ხელფასების 50% ზრდაა.

ვწუხვართ შექმნილი ვითარების გამო, და გვსურს აღვნიშნოთ, რომ კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი, ზედმიწევნით იცავს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს. ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით მეტია დღეს, შრომის ბაზარზე არსებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე. გარდა ამისა, კომპანიაში არსებობს ბონუსების, ფულადი დახმარებების, შვილების სწავლების დაფინანსების პროგრამები, ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება და სხვა სახის შეღავათები. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისის და კომპანიის შემცირებული შემოსავლის მიუხედავად, 100%-იანი ხელფასით შევინარჩუნეთ თითოეული თანამშრომელი და მეტიც სწორედ პანდემიის დროს, მაშინ როდესაც 2020 წელს ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი 6.5% იყო, 2020 წლის აპრილში გავზარდეთ სახელფასო ფონდი 10%-ით, რაც თითოეული თანამშრომლის ანაზღაურებაზე აისახა. კომპანიაში შევქმენით მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო თანამშრომლებისთვის.

კომპანია ამჯერადაც მზად არის, პანდემიის დროს, უკვე მეორედ უზრუნველყოს ხელფასების მატება პოზიციების მიხედვით, სამართლიანი გადანაწილების პრინციპით. რაც სამწუხაროდ გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მცირედი შეფერხებებით აგრძელებს მუშაობს.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, მზად ვართ სამართლებრივ ჭრილში გავმართოთ კონსტრუქციული დიალოგი ჩვენს თანამშრომლებთან, რის მცდელობაც ბოლო პერიოდში არაერთხელ გვქონდა. ამიტომ ჩვენ გაფიცულ თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და იმედს ვიტოვებთ, რომ მოლაპარაკებების გზით მივიღებთ ყველასთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას" -
წერია განცხადებაში.

გაფიცვის ორგანიზატორია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი. მისი ინფორმაციით, აქციამდე კომპანიას და დასაქმებულებსა და პროფკავშირებს შორის მიმდინარეობდა 21-დღიანი მედიაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

ქარხნის მუშების ინფორმაციით, კომპანიამ ხელფასი თითქმის 50%-ით შეუმცირა და არც ზეგანაკვეთურ შრომას უნაზღაურებს. გაფიცულთა თანახმად, ისინი დასვენების გარეშე მუშაობენ.

კომპანია IDS Borjomi International-ი 2012 წლიდან რუსული ჰოლდინგის, Alfa Group-ის მფლობელობაშია.

საპროტესტო აქცია 18 მაისს, 10 საათიდან დაიწყო. ქარხნის თანამშრომლები სამუშაო პირობებისა და სახელფასო ანაზღაურების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

| Print |