საზოგადოება
ბორჯომში გაფიცულმა მუშებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყეს
ბორჯომის #1 და #2 ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები ბორჯომში ფეხითა და მანქანებით გადაადგილდებიან და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. გაფიცული მუშები ამბობენ, რომ თანაქალაქელების იმედი აქვთ. მსვლელობა პირველი ჩამომსხმელი ქარხნიდან იმართება და ყვიბისში, მეორე ქარხანასთან დასრულდება.

აქციის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია.

გაფიცული 400-მდე მუშა მუშაობის დაწყებას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ქარხნის თანამშრომელთა მოთხოვნები უცვლელია - ისინი ნორმალურ სამუშაო პირობებსა და სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ. 400-მდე თანამშრომელი ამბობს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება უწევთ, რასაც კომპანია არ ანაზღაურებს. ასევე, მუშები დამსაქმებელს სთხოვენ მათთვის მიცემული პირობა შეასრულოს და ხელფასები დაპირებისამებრ მოუმატოს.

აქციის მონაწილეები მზად არიან ადმინისტრაციას შეხვდნენ და მოლაპარაკებები აწარმოონ. თუმცა "აი დი ეს ბორჯომი საქართველოს“ პოზიციაა, რომ გაფიცულებთან შეხვედრაში აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე აღარ ჩაერთოს. მუშები კი ამბობენ, რომ იურიდილ მხარდაჭერას სწორედ პროფკავშირი უზრუნველყოფს და მათი წარმომადგენლის ყოფნა შეხედრაზე აუცილებელია.

ბორჯომის ჩამომსხმელი ორი ქარხნის თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ.

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები კომპანია IDS Borjomi International-ის ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია 2012 წელს 300 მილიონ დოლარად რუსეთის ერთ–ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჯგუფმა, „ალფა ჯგუფმა“ შეიძინა.

| Print |