საზოგადოება
ბორჯომში გაფიცულ მუშებს სოლიდარობა სხვადასხვა ქალაქებიდან გამოუცხადეს
ბორჯომის #1 და #2 ჩამომსხმელი ქარხნის გაფიცულ მუშებს სოლიდარობა სხვადასხვა ქალაქიდან გამოუცხადეს. მოქალაქეები ბორჯომში ჩავიდნენ და ქარხნის 400-მდე თანამშრომელს მხარდაჭერა აღუთქვეს. 

"სოლიდარულები ვართ ამ ადამიანების მიმართ იმიტომ, რომ მათ მოთხოვნაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. აქ არის ღირსეული შრომისთვის მოთხოვნები, ნორმალური ხელფასის მოთხოვნა, რითაც შეიძლება ოჯახის მინიმალური დაკმაყოფილება და ყველაზე ცუდია, რომ დამსაქმებელი ითხოვს პროფკავშირების გარეშე შეხვედრას, ეს არის მიუღებელი. კანონი აძლევს უფლებას დასაქმებულებს, რომ შექმნან გაერთიანება და დამსაქმებელს პროფესიული გაერთიანების სახელით ესაუბრონ. ეს ნება საქართველოს კონსტიტუციითაც კი დაცულია", - ამბობს სააქციო საზოგადოება "მინას" პროფკავშირის თავმჯდომარე თეიმურაზ სურამელაშვილი. 

აქცია 18 მაისიდან იმართება. 400-მდე გაფიცულის მოთხოვნა არ შეცვლილია - ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
| Print |