საზოგადოება
"ბორჯომის" ქარხნის გაფიცული თანამშრომლები დღეს აქციას აღარ გამართავენ
„ბორჯომის“ ქარხნის გაფიცული თანამშრომლები დღეს საპროტესტო აქციას აღარ გამართავენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომპანია მოლაპარაკებებს მათთან პროფკავშირების მონაწილეობით გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გაფიცულებს ჯანდაცვის სამინისტროდან გამოყოფილმა მედიატორმა მიაწოდა.

შეხვედრა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. მას კომპანიის ადმინისტრაცია, გაფიცული თანამშრომლები და პროფკავშირების წარმომადგენლები დაესწრებიან.

,,გვითხრეს, რომ 13:00 სთ-თვის შედგება შეხვედრა პროფკავშირებთან ერთად, ამის გამო დროებით ვაჩერებთ დაგეგმილ აქციას, ვნახოთ რა შედეგით დამთავრდება ქარხნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა" - განუცხადა მეცხრე არხს აქციის მონაწილემ ზაზა გელაშვილმა.

,,მასშტაბური აქცია აღარ გაიმართება, გვიან ღამით დაგვიკავშირდა მედიატორი და გვითხრა, რომ ადმინისტრაცია პროფკავშირების ჩართულობით შეხვდებოდა გაფიცულ თანამშრომლებს. ამიტომ, ჩვენ სურვილი და იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების პროცესს შედეგი ექნება "
- აღნიშნა გიორგი დიასამიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნები სრულად გაჩერდა, რადგან 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა. გაფიცულები ხელფასის მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის 400-მდე თანამშრომელი 18 მაისს გაიფიცა. 400-მდე გაფიცულის მოთხოვნა არ შეცვლილია - ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები კომპანია IDS Borjomi International-ის ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია 2012 წელს 300 მილიონ დოლარად რუსეთის ერთ–ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჯგუფმა, „ალფა ჯგუფმა“ შეიძინა.
| Print |