საზოგადოება
გრიგოლ ლორთქიფანიძე - „მენშევიკი“ სოფელ ბენარიდან, რომელმაც „თავი დასდვა ამ ქვეყნისთვის"
IDFI-მ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით გრიგოლ ლორთქიფანიძის (1881-1937) მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გამართა.

მემორიალური ალბომი, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გამორჩეულ ფიგურას – სამხედრო და განათლების მინისტრს, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს გრიგოლ ლორთქიფანიძეს – პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, რომელმაც სრულად იწვნია ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის ტირანია და ყველაზე სისხლიან – 1937 წლის სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა. ეძღვნება დიდ თეორეტიკოსსა და მოაზროვნეს, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს განვითარებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან, თითქმის ყველა საკვანძო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხზე გააჩნდა არგუმენტირებული და ობიექტური შეხედულებები. ეძღვნება ადამიანს, რომელიც გამსჭვალული იყო მაღალი ჰუმანისტური იდეალებით და მოტივებით.

საბჭოთა ბანაკებში გადასახლებული გრიგოლ ლორთქიფანიძის მთავარი ოცნება იყო, კვლავ ეხილა თავისუფალი საქართველო, ისურვა კიდეც, დაეკრძალათ ახალციხეში ან იქვე, სოფელ ბენარაში, „იქ, სადაც ქართველი ხალხის წარსული და მომავალი ერთმანეთს ხვდებოდა და თავისუფალი, აღორძინებული და ფრთა გაშლილი მისი სამშობლო განვითარდებოდა“. სამწუხაროდ, მის ამ მოკრძალებულ სურვილს ასრულება არ ეწერა – შინსახკომის ჯალათების მიერ დაკითხვის დროს სასტიკად მოკლულის საფლავი დღემდე საგულდაგულოდ არის გასაიდუმლოებული.

ალბომის პრეზენტაციას ესწრებოდა ადგილობრივი მოსახლეობა და ბიბლიოთეკებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები. ალბომის წინასიტყვაობის ავტორია ცნობილი ქართველი მწერალი, აკა მორჩილაძე.

,,წინა საუკუნეების საქართველოს ტრაგიკულ მოღვაწეთა გალერეაში უდავოდ ერთ-ერთი შთამბეჭდავი და ნაკლებად ნახსენები გმირია გრიგოლ ლორთქიფანიძე – უბრალო ენით, „მენშევიკი“, რომელმაც, როგორც ძველად იტყოდნენ ხოლმე მისი ყაიდისა და ბუნების ხალხზე, „თავი დასდვა ამ ქვეყნისთვის.“ 

პრეზენტაცია 28 მაისს, ახალციხის ციხეზე გაიმართა.
| Print |